ძიუდო

14:42 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრანდ სლემი: ქართული ფინალი ერთ წონაში და 4 ფინალისტი

თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 14 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და დღე ძალიან წარმატებულია, რადგან 4 ქართველი ფინალშია და ერთ წონით კატეგორიაში ფინალი სულაც ქართული იქნება. მთლიანობაში საქართველოს ნაკრებს ფინალურ ბლოკში 8 მედლის მოპოვების შანსი გააჩნია.

90 კგ წონით კატეგორიის ფინალშია ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც ყაზახი ადლეტ მისინი, უკრაინელი არტიომ ბუბირი და ნახევარფინალში ქართველი გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. ღვინიაშვილის მეტოქე ფინალში კრისტიან ტოტი იქნება.

თავის მხრივ პაპუნაშვილმა ნახევარფინალამდე ყირგიზ ერლან შეროვს და იაპონელ შოიჩირო მუკაის აჯობა. გიორგი ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ მაქსიმ-გაელ ჰამბოს დაუპირისპირდება. ამავე წონაში უმედლოდ დარჩნენ უშანგი მარგიანი და იმედა გოგოლაძე. მარგიანმა უზბეკი ბახოდირ პანიევი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ კრისტიან ტოტთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც აწ ნახსენებ მაქსიმ-გაელ ჰამბოს ვერ გაუმკლავდა და მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა, ხოლო გოგოლაძემ პირველი შეხვედრა დათმო სწორედ ჰამბოსთან და თბილისის გრანდ სლემზე გამოსვლა დაასრულა.

100 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი იქნება. ონისე სანებლიძემ ყაზახი სერიკ სალმენოვი, გერმანელი დანიელ ჰერბსტი და უზბეკი ოტაბეკ ტურაბოევი დაამარცხა, ხოლო ფინალში გიორგი ბერიაშვილს შეხვდება, რომელმაც სამხრეთკორეელი ჯაე იუნ კიმი, ბრაზილიელი ანდრე უმბერტო და მერე ნახევარფინალში ქართულ დუელში ილია სულამანიძე დაამარცხა. სულამანიძემ ნახევარფინალამდე გერმანელი ლუის მაი და ყაზახი აიბეკ სერიკბაეივი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ ერთ გერმანელ დანიელ ჰერბსტს გაეჯიბრება. ამავე წონაში ასპარეზობდა ომარ საური, რომელმაც ტაჯიკი აკობირ აბუბაკრი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ უნგრელ სომბრო ვეგთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ფინალშია გელა ზაალიშვილი, რომელმაც საამიროების წარმომადგენელი მაგომედომარ მადომედომაროვი დაამარცხა, მერე ლევან მატიაშვილს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკი სოხრუჰ ბახტიროვი დაამარცხა. ფინალში გელას მეტოქე კიდევ ერთი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ონისე ბუღაძე დაამარცხა.

თავის მხრივ, ბუღაძემ ნახევარფინალამდე ბერძენი პანაგიოტის პაპანიკოლაუ და უკრაინელი იაკივ ხამო დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ლევან მატიაშვილს შეხვდება. მატიაშვილმა ასპარეზობა იტალიელი ლორენცო აგრო სილვაინის ძლევით დაიწყო, მერე ზაალიშვილთან წააგო და რეპეშაჟში უნგრელ რიხარდ შიპოჩს აჯობა. ამავე წონაში გიორგი ქავთარაძე ასპარეზობდა, მაგრამ პირველივე წრეში ალიშე იუსუპოვთან მარცხი განიცადა.

დღესვე, ქალთა შორის ორი წარმომადგენელი გვყავდა. +78 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალთან ახლოსაა სოფიო სომხიშვილი, რომელმაც ჩეხი მარკეტა პაულუსოვა დაამარცხა, ხოლო მერე ფრანგ ჟულია ტოლოფუასთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ლიეტუველ სანდრა იაბლონსკიტე დაამარცხა. მედლისთვის სომხიშვილი ფრანგ ლეა ფონტენს შეხვდება. 78 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ იტალიელი ჯორა სტანგერლინი დაამარცხა, მაგრამ მერე ჯერ ბრაზილიელ მაირა აგუიართან წააგო, ხოლო შემდეგ რეპეშაჟში უკრაინელ იელიზავეტა ლიტვინენკოსთან და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების აქტივში ჯერჯერობით 8 მედალია - 2 ოქრო (თემურ ნოზაძე და ლაშა შავდათუაშვილი), 3 ვერცხლი (გიორგი სარდალაშვილი, გიორგი თუთაშვილი და ტატო გრიგალაშვილი), 3 ბრინჯაო (ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი და გიორგი ტერაშვილი).

0.186746