ჩოგბურთი

0:23 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი და უილიამსები უიმბლდონის განაცხადში არ არიან

უიმბლდონის წლევანდელი ტურნირი მისი მრავალგზის ჩემპიონების, როჯერ ფედერერის და სერენა და ვენუს უილიამსების გარეშე ჩაივლის. ეს სამი ვეტერანი ჩოგბურთელი, ტურნირის მონაწილეთა სიაში შეყვანილი არ არის.

ტურნირზე ითამაშებს ნაომი ოსაკა, ვინც ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ განაცხადა, რომ ტურნირისთვის სარეიტინგო ქულების შემცირების გამო, ის „100 პროცენტით დარწმუნებული არაა, რომ უიმბლდონზე ითამაშებს“. WTA-მ და ATP-მ ბალახის დიდი სლემის ტურნირს სარეიტინგო ქულები მას შემდეგ შეუმცირეს, რაც ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის (მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიიდან) გამო, თამაშის უფლება არ მისცენ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს.

24 წლის ოსაკამ უიმბლდონი გასულ სეზონში გამოტოვა, რაც პირადი მიზეზებით ახსნა. უფრო ადრე, მან პირველივე წრის შემდეგ მიატოვა საფრანგეთის ღია პირველობა, სადაც ორგანიზატორებთან კონფლიქტი, პრეს კონფერენციაზე გამოუცხადებლობის გამო დაეწყო.

სერენა უილიამსს ერთეულებში უიმბლდონი შვიდჯერ აქვს მოგებული, მის უფროს და ვენუსს კი - ხუთჯერ. 40 წლის სერენას ტურზე შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ მან ტრავმა მიიღო. ვენუსმ კი ბოლოს შარშან აგვისტოში, ჩიკაგოს ტურნირზე ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ უიმბლდონზე არდაშვების მიუხედავად, ტურნირის შემდეგ, მსოფლიოს პირველი, რუსი დანიილ მედვედევი გახდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი, სარეიტინგო ქულებს ნბისმიერ შემთხვევაში დაკარგავს.

რაც შეეხება 40 წლის ფედერერს, მას უიმბლდონი რვაჯერ აქვს მოგებული. მან ტურზე ბოლოს სწორედ ლონდონურ ტურნირზე ითამაშა, რომელსაც მეოთხედფინალში გამოეთიშა. მან შარშან მუხლზე კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა. შვეიცარიელმა მარტში განაცხადა, რომ უიმბლდონისთვის დაბრუნებას ვერ მოასწრებდა. მის ფოკუსში ახლა აშშ-ის ღია პირველობისთვის მომზადებაა.

წელს უიმბლდონი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

0.116874