ჩოგბურთი

2:52 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ღიას ფინალში სვიატეკი და გოფი შეხვდებიან

საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ფინალში, ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პოლონელი იგა სვიატეკი და ამერიკელი თინეიჯერი კოკო გოფი დაუპირისპირდებიან. სვიატეკმა რუსი დარია კასატკინა 6-2, 6-1 დაამარცხა, გოფმა კი 6-3, 6-1 მოუგო იტალიელ მარტინა ტრევიზანს.

18 წლის ასაკში, გოფი ბოლო 21 წელიწადში, საფრანგეთის ღიას ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი გახდა. რაც შეეხება სვიატეკს, ვისაც როლან გაროსი 2020 წელს აქვს მოგებული, მან ზედიზედ 34-ე თამაში მოიგო და სერენა უილიამსის 2013 წლის მიღწევა გაიმეორა.

სვიატეკმა თამაში ორმაგი შეცდომით დაიწყო და მეტოქეს ბრეიკის საშუალება მისცა. თუმცა მეოთხე გეიმში ანგარიში გაათანაბრა და აქედან მოყოლებული, ფილიპ შარტიეს სახელობის კორტზე, ბატონ-პატრონი იყო. ეს მიმდინარე სეზონში, ამ ორი ჩოგბურთელის მესამე შეხვედრა იყო და პოლონელმა სამივე სეტის დაუთმობლად მოიგო.

„ცოტა შოკში ვარ. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, თუ რას ვგრძნობ. კორტზე გამოსვლის წინ საერთოდ არ ვნერვიულობდი, რამაც გამაკვირვა. იგასთან თამაში რთული იქნება. მას დიდი ხანია, არ წაუგია. მაგრამ მე დასაკარგი არაფერი მექნება. ის ფავორიტია, მე კი თავისუფლად ვითამაშებ. ვფიქრობ, დიდი სლემის ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - განცხადა გოფმა, ვინც ასევე ქალთა წყვილების ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი პარტნიორი, ამერიკელი ჯესიკა პეგულაა.

შეხვედრის დასაწყისში, გოფმა და ცაცია ტრევიზანმა ბრეიკები გაცვალეს. მაგრამ როგორც კი ამერიკელმა მეტოქის მარცხენით შესრულებულ დარტყმებს ალღო აუღო, მაშინვე კორტზე გაბატონდა. და ეს ანგარიშზეც აისახა.

0.152821