ლონდონში, „უემბლიზე“ „ფინალისიმა“ გაიმართა, რომელშიც ევროპის ჩემპიონი იტალია სამხრეთ ამერიკის ჩემპიონ არგენტინას დაუპირისპირდა.
ის, რაც აქამდე ცნობილი იყო, ამჯერადაც დადასტურდა. იტალია კატასტროფულ ფორმაშია და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რობერტო მანჩინიმ „სკუადრა აძურაში“ საკუთარი თავი ამოწურა, ხოლო არგენტინის ნაკრები უბრალოდ ბრწყინავს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამდვილად მთავარ ფავორიტებს შორის იქნება. სხვათა შორის, იმ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელშიც იტალია საერთოდ ვერ მიიღებს მონაწილეობას და დღევანდელი თამაშის შემდეგ ალბათ არავის უკვირს, რომ მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა.
ძნელი გასახსენებელია ასეთი დონის ნაკრებების დაპირისპირებაში ბოლოს როდის იყო ერთი გუნდის მხარეს ამხელა უპირატესობა. არგენტინამ იტალია უბრალოდ ძალიან დაჩაგრა და უფრო დიდი ანგარიშით რომ მოეგო, უფრო სამართლიანი იქნებოდა. ლიონელ სკალონის გუნდი მხოლოდ 3:0-ს დასჯერდა.
პირველ ტაიმში ლაუტარო მარტინესმა და ანხელ დი მარიამ გაიტანეს, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პაულო დიბალამ წერტილი დასვა. ამრიგად, არგენტინამ თასი მოიგო, თანაც მეორედ, რადგან 1993 წელს უკვე მოგებული ჰქონდა ეს ჯილდო და მაშინაც ევროპის ჩემპიონის, დანიის წინააღმდეგ გამარჯვებით.
იტალიამ ჯორჯო კიელინი გააცილა. მისი შეცვლა „სკუადრა აძურას“ ძალიან გაუჭირდება. ზოგადად, იტალიელთა შემადგენლობაში უამრავი პრობლემაა, მეტწილად შეტევაში, რომელიც უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს. იტალიის ნაკრებს წინ კიდევ ერთი რთული გამოწვევა აქვს, ერთა ლიგა, სადაც ორჯერ გერმანიას და თითოჯერ ინგლისსა და უნგრეთს შეხვდება. მანჩინის გუნდისთვის ეს მატჩები სერიოზული გამოცდა იქნება, თანაც იტალია აშკარად დემორალიზებულია და აბსოლუტურად სხვა გუნდია იმასთან შედარებით, რომელმაც 1 წლის წინ ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
სხვათა შორის, არგენტინამ იტალია ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა. აპენინელებს „ალბისელესტე“ ბოლოს 1987 წელს ჰყავთ დამარცხებული. უნდა ითქვას, რომ არგენტინის ნაკრებს უკვე 32 მატჩია არ წაუგია და ძალიან ახლოსაა მსოფლიო რეკორდთან, რომელიც იტალიას ეკუთვნის - ზედიზედ 37 წაუგებელი მატჩი.
იტალია - არგენტინა 0:3 (0:2)
ლონდონი, „უემბლი“
იტალია (4-3-3): დონარუმა; დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი (ლაძარი 46), ემერსონი (ბასტონი 77); პესინა, ჟორჟინიო, ბარელა; ბერნარდესკი (ლოკატელი 46), ბელოტი (სკამაკა 46), რასპადორი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
არგენტინა (4-3-3): მარტინესი; რომერო (პეცელა 84), მოლინა, ოტამენდი, ტალიაფიკო; ლო ჩელსო (დიბალა 90), როდრიგესი, დე პაული (პალასიოსი 76); მესი, ლაუტარო (ალვარესი 84), დი მარია (გონსალესი 90)
მწვრთნელი: ლიონელ სკალონი
გოლები: 0:1 ლაუტარო (28), 0:2 დი მარია (45), 0:3 დიბალა (90)
გაფრთხილება: ბონუჩი (39), ბარელა (77) - ოტამენდი (23)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 17 (9) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: პიერო მაზა (ჩილე)