საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე, ბრინჯაოს მედლის მფლობელ „არმიაში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. დეველოპერულ კომპანია „მგზავრების“ სახით „არმიას“ ახალი სპონსორი ჰყავს. ამიერიდან აღნიშნული გუნდი ახალი, „მგზავრები-არმიას“ სახელით იასპარეზებს.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „მგზავრები-არმიას“ ახალმა პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.
„ყოფილი გუნდი „არმია“ ამიერიდან ორი ორგანიზაციის, დეველოპერული კომპანია „მგზავრებისა“ და თავდაცვის სამინისტროს გუნდი იქნება. „მგზავრები-არმიას“ „მგზავრები“ ფინანსურად, ხოლო თავდაცვის სამინისტრო ინფრასტრუქტურით დაეხმარება. ცვლილებაა მწვრთნელთა საბჭოშიც - „მგზავრები-არმიას“ ამიერიდან აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის თანაშემწე, ვეტერანი კალათბურთელი ბუბა ბერიშვილი უხელმძღვანელებს“ - გვითხრა შანიძემ.
შეგახსენებთ, რომ შანიძე ადრე „არმიაში“ მენეჯერად მუშაობდა.