კალათბურთი

10:33 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

12-წლის შემდეგ "ბოსტონი" NBA-ს ფინალშია - სპოელსტრას ფორმაცია "ჰიტისთვის" დამღუპველი გამოდგა (+VIDEO)

12 წლისნი პაუზის შემდეგ „ბოსტონ სელტიკსი“NBA-ს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. კონფერენციის ფინალებში ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, უდოკას გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა და ახლა გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მე-7 დაპირისპირებაში მოიპოვა.

ბოლოს 2010 წელს ბოსტონელები ფინალში „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ შეხვდნენ და მაშინ გამარჯვებულის ვინაობა 7-მატჩიან დაპირისპირებაში გაირკვა, როდესაც კობი ბრაიანტმა და კამპანიამ „სელტიკსი“ ფინალურ სერიაში 4:3 დაამარცხა.

უშუალოდ "მაიამი ჰიტთან" შეხვედრა ტეიტუმმა და მისმა თანაგუნდელებმა საუცხოოდ დაიწყეს. პირველივე პერიოდში მათ 32:17 იმარჯვეს და 15 ქულიანი უპირატესობა შეიქმნეს. თითქოს მეორე მეოთხედში "მაიამის" კალათბურთელები გამოფხიზლდნენ. მათ ანგარიშში სხვაობა 6-ქულამდე შეამცირეს. დასკვნით პერიოდს კი „ბოსტონი“ +7 ქულით შეხვდა.

ყველაფერი უკანასკნელმა 12-წუთეულმა გადაწყვიტა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა, როდესაც უდოკას შეგირდებს 11 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა, „მაიამიმ“ 9:0 გაქცევა მოაწყო. სტრუსმა სამქულიანით სხვაობა 2-ქულამდე შეამცირა - 98:96. საპასუხო შეტევა „სელტიკსმა“ ისევ ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ჯიმი ბატლერს საკუთარი გუნდის წინ გაყვანა შეეძლო, შორი დისტანციიდან ესროლა, მაგრამ - არაზუსტად.

ბოსტონელებმა 11 წამით ადრე საჯარიმო სროლის უფლება მიიღეს, რომელიც მარკუს სმარტმა შეასრულა და ორივე გამოიყენა. დარჩენილ დროში კი სტრუსმა კიდევ ერთი სამქულიანის ჩაგდება სცადა, თუმცა ვერ ჩააგდო და "სელტიკსმა" შეხვედრა 100:96 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო „სელტიკსის“ პირველი გამარჯვება მე-7 მატჩში, 1974 წლის შემდეგ რომელიც მეტოქე გუნდის საშინაო მოედანზე მოიპოვა.

„ჰიტის“ მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ სასტარტო ხუთეულში ცვლილება შეიტანა და ტაკერი დააყენა. ამერიკელს სათამაშოდ 17 წუთი ჰქონდა, მაგრამ ამ დროში ვერაფერი გააკეთა, გარდა 4 მოხსნისა. მას ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა. მისი თამაშის გავლენამ, თითქოს საბედისწერო დაღი დაასვა დღევანდელ შეხვედრას და ვინ იცის, ამერიკელ სპეციალისტს ძირითადი 5-ეულის დაყენება თავიდან რომ შეძლებოდა, იქნებ მსგავსი შეცდომა აღარც დაეშვა, თუმცა ახლა ზედმეტად გვიანია.

„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია. ამისთვის წინასწარ ვერ მოემზადები. არ არსებობს ამაზე ცუდი გრძნობა მსოფლიოში, როდესაც თამაშის შემდეგ გასახდელში შედიხარ და იცი, რომ წინ უკვე აღარაფერია“, - თქვა სპოელსტრამ.

"ბოსტონმა" სეზონის განმავლობაში წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია მოახდინა. განსაკუთრებით 21 იანვარს სახლში „პორტლენდთან“ წაგების შემდეგ. დებიუტანტი მწვრთნელის - იმე უდოკას გუნდმა, რომელსაც 47 მატჩის თავზე 23:24 ბალანსზე ჰქონდა, დარჩენილი 35 შეხვედრიდან 28 მოიგო, საერთო ჯამში 51:31 მოგება-წაგებით ტოპ 10-ში მეორე პოზიციით მოხვდა და მას მხოლოდ სწორედ "მაიამი ჰიტი" უსწრებდა - 53:29.

ბოლო 21 წლის განმავლობაში „სელტიკსი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც კონფერენციის ნახევარფინალი და ფინალი მე-7 მატჩში მოიგო. გამარჯვებულთა გუნდიდან 3 კალათბურთელი განსაკუთრებით შედეგიანი იყო. ჯეისონ ტეიტუმმა, ჯეილენ ბრაუნმა და მარკუს სმარტის ტრიომ 100 ქულიდან 74 მიითვალეს.

ტეიტუმი-ბრაუნი-სმარტი NBA-ს ისტორიაში მეორე ტრიო გახდა, რომლებმაც პლეი-ოფის მე-7 თამაშში, თითოეულმა მინიმუმ 20 ქულას +5 მოხსნა +5 პასი გამოიმუშავეს.

სწორედ ამ შედეგიანობის გამო „სელტიკსის“ ლიდერმა ჯეისონ ტეიტუმმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის MVP-ის ტიტულიც სრულიად დამსახურებულად მიიღო.

24 წლის ამერიკელმა ფორვარდმა თავისი კუმირის - კობი ბრაიანტის პატივისცემის ნიშნად 24-ნომრიანი სამკლაურით ითამაშა. მატჩის შემდეგ ტეიტუმმა ამაზე მცირე კომენტარიც გააკეთა:

"ჯერჯერობით ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. მინდოდა ასეთი სამკლაურით მეთამაშა და კობის მივსალმებოდი, რადგან ჩემი კუმირისთვის ეს მომენტი გამეზიარებინა,“ - თქვა ჯეისონმა.

ტეიტუმმა თამაშში 26 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მან ორმაგი დუბლი შეასრულა და თანაგუნდელთა შორის ყველაზე შდეგიანი იყო. მისი სტსტისტიკური მონაცემები კი შემდეგნაირია: 7-დან 4 სამქულიანი, 14-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო. გარდა ამისა ამერიკელს 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაც ჰქონდა. მან 4 პერსონალური ფოლი მიიღო, +- მაჩვენებელი კი +7 დაიმსახურა.

ჯეილენ ბრაუნს 24 ქულა, 6 მოხსნა და ამდენივე შდეგიანი გადაცემა ჰქონდა, ხოლო სმარტმა 24 ქულას, 9 მოხსნა და 5 პასი დაამატა.

რაც შეეხება „მაიამის“ კალათბურთელებს - დამარცხებულთაგან ტრადიციულად ჯიმი ბატლერი გამოირჩა. 32 წლის მცველმა 35 ქულას, 9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მან 4-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო, ერთ-ერთი კი სწორედ ბოლო წამებზე გააცუდა, როდესაც მისი გუნდი მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩებოდა და შორი დისტანციიდან თამაშის მოსაგებად ისროლა, მაგრამ არ გაუმართლა. მან 20-დან 12 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმოც შეასრულა. გეტყვით, რომ ჯიმიმ მთელი 48:00 წუთი ითამაშა და გადაღლილობის ფაქტორმა ალბათ გავლენა იქონია.

ბატლერის გარდა კარგი თამაში ჩაატარა ბემ ადებაიომ. 24 წლის ცენტრმა 25 ქულით, 11 მოხსნითა და 4 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. და თუ ბოსტონელთა ტრიომ ჯამში 74 ქულა დააგროვეს, „ჰიტიდან“ ბატლერი-ადებაიო-ლოვრის ტრიომ მათ 1 ქულითაც კი აჯობეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩდა. გეტყვით, რომ კაილ ლოვრის 15 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

ამრიგად, ფინალური სერია - „გოლდენ სტეიტი“ „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ სტარტს 2 ივნისს აიღებს. „უორიორზს“ ამ მხრივ უპირატესობა აქვს, რადგან პირველ ორ შეხვედრაში მეტოქეს სან-ფრანცისკოში მიიღებს, სადაც კალიფორნიელებს 2022 წლის პლეი ოფში ჯერ არ წაუგიათ. ბუკმეიკერების აზრის ფავორიტად სწორედ სტივ კერის გუნდი მოიაზრება, ჩვენ კი დაველოდოთ დაძაბულ და საინტერესო დაპირისპირებას... და მაინც ვინ არის თქვენი ფავორიტი წყვილში?

0.112581