სხვა

1:41 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯეი ჰინდლი ჯიროს პირველი ავსტრალიელი ჩემპიონია

ჯირო დ’იტალია ავსტრალიელმა ჯეი ჰინდლიმ მოიგო. ის თავისი ქვეყნის პირველი ველომრბოლია, ვინც იტალიურ ველომარათონზე გამარჯვება შეძლო. მან ლიდერის ვარდისფერი მაისური ბოლოსწინა, სამთო ეტაპზე მოიპოვა, ბოლო ეტაპზე კი, რომელიც დროზე ინდივიდუალური რბოლა იყო, ლიდერობა იოლად შეინარჩუნა.

საინტერესოა, რომ ჰინდლიმ 2020 წელს ჯირო სწორედ ბოლო ეტაპზე, დროზე ინდივიდუალური რბოლის შემდეგ დაკარგა. მაშინ მას ბრიტანელმა ტაო გეოგეგან ჰარტმა აჯობა, რომელმაც 15.7-კილომეტრიან რბოლაში, ავსტრალიელს 39 წამი ამოუქაჩა.

ამჯერად ჰინდლიმ თავად შეძლო ბოლოსწინა ეტაპზე ლიდერობის ხელში ჩაგდება. მისმა მთავარმა კონკურენტმა, ჯიროს 2019 წლის ჩემპიონმა, ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა, ბოლო ეტაპი მე-10 ადგილზე დაასრულა, რაც მალია როსას დასაბრუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

„მშვენიერი გრძნობაა. დღეს ემოციების დღეა. მახსოვდა, რაც 2020 წელს შემემთხვა და არ შემეძლო, ამის გამეორება დამეშვა“, - ამბობს ჩემპიონი და დასძენს, რომ გარისკვა არ სურდა, თუმცა ბოლოს მთელი ძალები გაიღო, რათა მიზნისთვის მიეღწია.

ჰინდლის და კარაპასის უკან, მესამე ადგილი ესპანელმა მიკელ ლანდამ დაიკავა, მეოთხეზე კი ჯიროს ორგზის ჩემპიონი, 37 წლის იტალიელი, ვინჩენცო ნიბალი გავიდა, ვინც ჯიროზე უკანასკნელად იასპარეზა.

დროზე რბოლა იტალიელმა მატეო სობრერომ მოიგო, ვისთვისაც ეს ჯიროზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.ის ტრასაზე ადრე გამოვიდა და ფინიშს 22 წუთსა და 24.54 წამში მიაღწია. ამ შედეგის გაუმჯობესება კი ბოლომდე ვერავინ შეძლო.

0.116086