ავტოსპორტი

1:03 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერარის ტაქტიკამ ლეკლერს წააგებინა, პერესმა კი გაიმარჯვა

მონაკოს დიდი პრიზის რბოლა, რომელიც წვიმის გამო, გვიან დაიწყო, ავარიის გამო შეწყდა და დროის ლიმიტის გამო, დაგეგმილზე მცირე დისტანციაზე გაგრძელდა, „რედ ბულის“ სერხიო პერესის გამარჯვებით დასრულდა. მექსიკელმა თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. ეს მის კარიერაში მოპოვებული მესამე გამარჯვებაა.

მეორე ადგილი ისევ კარლოს საინსმა დაიკავა, ვინც გასულ სეზონშიც მონაკოში მეორე ადგილს დასჯერდა. რბოლის მიწურულს, ის პერესთან შეტევის დისტანციაზე იყო, მაგრამ მანევრის შესრულება ვერ შეძლო. ის მეტოქეზე ზეწოლას ცდილობდა და იმედი ჰქონდა, რომ შეცდომას დააშვებინებდა, მაგრამ პერესმა გამოცდას გაუძლო.

მესამე ადგილს დასჯერდა ჩემპიონატის ლიდერი მაქს ფერსტაპენი, ვინც ბოლო წრეებზე საინსს ედგა კვალში, მაგრამ შეტევა ვერც მან შეძლო. ამის მიუხედავად, ჩემპიონატში უპირატესობა გაზარდა.

შარლ ლეკლერმა, ვინც სტარტი პოულიდან აიღო, მხოლოდ მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო და ამას „ფერარის“ მცდარ ტაქტიკას უნდა უმადლოდეს - გუნდმა თავის ლიდერს რატომღაც ორჯერ შეუცვალა საბურავი და ძვირფასი დრო დააკარგვინა. დანაკარგის ანაზღაურება კი მონაკოელმა ვერ შეძლო. თუმცა ის კი მოახერხა, რომ საშინაო რბოლაში ქულების აღება შეძლო. ლუი შირონის მიერ, 1950 წლის მონაკოს დიდ პრიზზე მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მონაკოელი პილოტი მონაკოში ქულებს იღებს.

„დღეს მე ოცნება ამისრულდა. საშინაო რბოლის შემდეგ, ეს ყველაზე განსაკუთრებული რბოლაა, რომლის მოგებაც მსურდა“, - განაცხადა პერესმა, ვინც ფინიშთან 1.1 წამით მიასწრო საინსს. ესპანელს კი ფერსტაპენი 0.3 წამით ჩამორჩა. ფინიშზე პირველი ოთხი პილოტი 2.9 წამმა დააშორა. მიმდნრე სეზნში პერესი სულ მესამე პილოტია, ვინც რბოლის მოგება შეძლო. ოთხი მოგება ფერსტაპენს აქვს, ორი კი - ლეკლერს.

რბოლა 77 წრეზე იყო დაგეგმილი, მაგრამ დროით ორსაათიან ლიმიტში ვერ ჩაეტია და ამიტომ, წრეების რიცხვი 64-მდე შემცირდა.

ძლიერი წვიმის გამო, რბოლა საათზე მეტით გადაიდო. ამასთან, სტარტი მოძრაობისას მიეცა და ლეკლერმა მოწინავე პოზიცია იოლად შეინარჩუნა. მონაკოელი 18 წრე ლიდერობდა, მერე კი გუნდმა საშუალო წვიმის საბურავებზე გადაიყვანა. ეს იმ დროს, როდსაც ტრასა უკვე შრებოდა და აშკარა იყო, რომ მალე ყველა სლიკებზე გადავიდოდა. ტრასაზე დაბრუნებული, ის პერესის და საინსის უკან აღმოჩნდა. რამდენიმე წრის შემდეგ, გუნდმა მას ისევ ბოქსებში უხმო და სლიკებზე გადაიყვანა. სანამ რეზინს უცვლიდნენ, ლეკლერი ფერსტაპენმაც ჩამოიტოვა.

27-ე წრეზე შუმახერს საცურაო აუზთან ავარია მოუვიდა. ორი წრე პელოტონი უსაფრთხოების მანქანამ ატარა, ორი წრის შემდეგ კი რბოლა შეწყდა, რადგან ტრასა გასაწმენდი იყო და უსაფრთხოების ბარიერს შეკეთება სჭირდებოდა.

მონაკოს დიდი პრიზი

მონაკო, დისტანცია 260.286 კმ (3.337კმ, 64 წრე)

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1:56'30.265
  2. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1.154
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1.491
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 2.922
  5. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 11.968
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 12.231
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 46.358
  8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 50.388
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 52.525
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 53.536
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 54.289
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 55.644
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 57.635
  14. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'00.802
  15. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  16. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  17. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  18. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 16 წრე
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 40 წრე
  20. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 45 წრე

უსწრაფესი წრე: ლანდო ნორისი - 1:14.693 (56-ე წრე, 160.834 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 125 ქულა; 2. შარლ ლეკლერი - 116; 3. სერხიო პერესი - 110; 4. ჯორჯ რასელი - 84; 5. კარლოს საინსი - 83; 6. ლუის ჰამილტონი - 50; 7. ლანდო ნორისი - 48; 8. ვალტერი ბოტასი - 40; 9. ესტებან ოკონი - 30; 10. კევინ მაგნუსენი - 15; 11-12. დანიელ რიკარდო, იუკი ცუნოდა - 11; 13. ფერნანდო ალონსო - 10; 14. პიერ გასლი - 6; 15. სებასტიან ფეტელი - 5; 16. ალექს ელბონი - 3; 17. ლანს სტროლი - 2; 18. გუანიუ ჟოუ - 1; 19-21. მიკ შუმახერი, ნიკოლას ლატიფი, ნიკ ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 235 ქულა; 2. ფერარი - 199; 3. მერსედესი - 134; 4. მაკლარენ-მერსედესი - 59; 5. ალფა რომეო-ფერარი - 41; 6. ალპინ-რენო - 40; 7. ალფატაური-რედ ბული - 17; 8. ჰაას-ფერარი - 15; 9. ასტონ მარტინ-მერსედესი - 7; 10. უილიამს-მერსედესი - 3.

0.14456