ფეხბურთი

1:40 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის მეფე ისევ "რეალია!"

მადრიდის „რეალი“ ევროპის მეფეა! ჩემპიონთა ლიგის თასმა ბინა ისევ ესპანეთის დედაქალაქში დაიდო, რადგან „სამეფო კლუბმა“ „სტად დე ფრანსზე“ „ლივერპულს“ ფინალი მოუგო.

ფინალი, რომელშიც იურგენ კლოპის „ლივერპული“ ბევრად უკეთ თამაშობდა, ბევრად მეტი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მაინც „რეალმა“ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასს ისტორიაში მე-14-ედ დაეუფლა!

„ლივერპული“ მართლაც კარგი იყო, მწვავედ უტევდა, მაგრამ ტიბო კურტუას ალბათ კარიერაში საუკეთესო თამაში ჰქონდა. ბელგიელმა მეკარემ 9 სეივი მიითვალა და თანაც, თითქმის ყველაჯერზე რთული დარტყმები მოიგერია და მათ შორის, 7-ჯერ მოჰამედ სალაჰს აჯობა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ტიბოს ბოლო სეივი და ასევე პირველ ტაიმში მომენტი, როცა სადიო მანეს აჯობა, მაშინ „რეალის“ კარის დარაჯს ძელიც დაეხმარა.

„რეალმა“ კი კარში ერთხელ დაარტყა, ერთადერთი საგოლე მომენტი შექმნა და გოლიც გაიტანა. ეს 59-ე წუთზე მოხდა, როდესაც მარჯვენა ფლანგზე ფედერიკო ვალვერდემ ითამაშა დიდებულად და ვინისიუს ჟუნიორმა როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. ვინისიუსმა გამარჯვების გოლი კი შეაგდო, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ცალსახად კურტუა იყო, რადგან რომ არა ის, „ლივერპული“ ალბათ მოიგებდა.

უნდა გავიხსენოთ, რომ პირველი ტაიმის მიწურულს კარიმ ბენზემას გოლი არ ჩაუთვალეს, ძალიან საკამათო მომენტში და ბევრი ფიქრობს, რომ უსამართლოდ, რადგან ფრანგს ბურთი ფაბინიოდან მიუვიდა.

ასე და ამგვარად, მადრიდის „რეალი“ ჩემპიონია, ბოლო 8 სეზონში მეხუთედ... ესპანურ გრანდს 1981 წლის შემდეგ ამ ტურნირზე ფინალი არ წაუგია, ხოლო კონკრეტულად მას შემდეგ, რაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა ეწოდება, მადრიდელებმა მერვე ფინალი მოიგეს - რვა ფინალიდან რვა მოგება!

ალბათ ღირს იმ გზის გახსენებაც, რომელიც „რეალმა“ მიმდინარე სეზონში პლეი-ოფში გაიარა - პსჟ, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“. ალბათ, ამის მიხედვითაც ჩანს, რომ „სამეფო კლუბმა“ უმძიმესი გზა წარმატებით განვლო და რთული სათქმელია, პლეი-ოფში ამდენი რთული ბარიერი რომელმა ჩემპიონმა დაძლია.

და კიდევ, კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო (ორჯერ „მილანში“, ორჯერ „რეალში“) და პირველად ეს 2003 წელს გააკეთა. სხვათა შორის, მაშინაც 28 მაისი იყო და ახლაც.

ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონი დასრულებულია, ევროპას ნაცნობი ჩემპიონი ჰყავს.

„ლივერპული“ – „რეალი“ 0:1 (0:0)

პარიზი, „სტად დე ფრანსი“

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი; ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (ფირმინო 77), ჰენდერსონი (კეიტა 77); სალაჰი, მანე, დიასი (დიოგო ჟოტა 65)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი; კაზემირო, მოდრიჩი (სებალიოსი 90), კროოსი; ვალვერდე (კამავინგა 86), ბენზემა, ვინისიუსი (როდრიგო 90)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 0:1 ვინისიუსი (59)

გაფრთხილება: ფაბინიო (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 23 (9) – 4 (1) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: კლემენ ტურპენი (საფრანგეთი)

0.188902