სხვა

22:41 | 27.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარაპასს ჯიროს ტიტულამდე ორი ნაბიჯიღა დარჩა

ორი ნაბიჯი - ორი ეტაპი. ორივეზე შესაძლებელია ლიდერის შეცვლა. მე-20 ეტაპი ბოლო სამთო რბოლა იქნება. მასზე შესაძლებელია ლიდერობის დაკარგვა და რიჩარდ კაპარასს, მალია როსას შესანარჩუნებლად, ბრძოლა მოუწევს. მაგრამ გადამწყვეტი ბოლო ეტაპი იქნება, რომელიც დროზე რბოლაა და აქ ყველაფერია მოსალოდნელი.

მოკლედ, ეკვადორელი კარაპასი ისევ სამ წამს უგებს მეორეზე მყოფ ავსტრალიელ ჯეი ჰინდლის. მესამეზე მყოფი ესპანელი მიკელ ლანდა ლიდერთან თითქმის წუთნახევარს აგებს, თუმცა დროზე რბოლაში, ასეთი ჩამორჩენის ამოქაჩვაც შესაძლებელია

მე-19 ეტაპი ჰოლანდიელმა კოენ ბოუმანმა მოიგო. ის იმ ხუთკაციან ჯგუფში იყო, რომელმაც პელოტონი უკან მოიტოვა. რბოლის გამარჯვებული ბოლო, 90-გრადუსიან მოსახვევში გაირკვა, სადაც იტალიელი ანდრეა ვენდრამე და უნგრელი ატილა ვალტერი „ვერ ჩაეტიენ“ და ბარიერს დაეჯახნენ. მეტოქეთა მოუხერხებლობით კი ბოუმანმა კარგად ისარგებლა და მიმდინარე ჯიროზე მეორე ეტაპი მოიგო. მეორე ადგილი შვეიცარიელმა მაურო შმიდმა დაიკავა.

„ვიცოდი, რომ ერთი მოსახვევი იყო დარჩენილი, მაგრამ ასეთი მკვეთრი თუ იქნებოდა, ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა. დამუხრუჭება დამჭირდა, რათა მასში ჩავტეულიყავი. შიდა მხარე დავიჭირე და მას მშვიდობიანად გავცდი. მოკლედ, ჯიროზე ორი ეტაპი მოვიგე და ამით ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის“, - განაცხადა ბოუმანმა.

0.13691