ბელგიელმა დრის დე ბონდტმა ჯირო დ’იტალიას მე-18 ეტაპი მოიგო. ზედზედ სამი სამთო რბოლის შემდეგ, ველომარათონის მონაწილეებს სწორ გზაზე სულის მოთქმის საშუალება მიეცათ. სპრინტერულ რბოლაში კი დე ბონდტმა იტალიელ ედოარდო აფინის ფოტო ფინიშზე აჯობა.
ორივე იმ ოთხკაციან ჯგუფში იყო, რომელმაც პელოტონი ჩამოიტოვა. ფინიშამდე კილომეტრი რომ რჩებოდა, დე ბონდტი მესამე იყო. მაგრამ მან კარგად გათვლილი შეტევა დაიწყო და ხაზთან ნახევარი ბორბლის სიგრძით აჯობა აფინის. დე ბონდტისთვის ეს ჯიროზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა. მისმა გუნდმა „ალპესინ-ფენქსმა“ კი მიმდინარე რბოლაში მესამე ეტაპი მოიგო.
სპრინტში მონაწილეობა ვერ მიიღეს მარკ კავენდიშმა და არნო დემარმა, რომლებსაც ხელი იმის გამო მოეცარათ, რომ პელოტონმა არ მოინდომა დაწინაურებულთა დაწევა.
„ჩვენ ერთმანეთს ბოლო კილომეტრამდე ვეხმარებოდით. ვიცოდი, რომ აფინი შეტევის შორიდან დაწყებას აპირებდა. ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. ამ რბოლის შედეგი ცაში იყო დაწერილი“, - განაცხადა დე ბონდტმა.
ვარდისფერი მაისურით მოასპარეზე რიჩარდ კარაპასმა ფინიშს პელოტონთან ერთად, გამარჯვებულისგან 14 წამის შემდეგ მიაღწია და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ის კვლავ სამ წამს უგებს ავსტრალიელ ჯეი ჰინდლის. მესამეზე კი ესპანელი მიკელ ლანდაა, ვინც ლიდერს წუთით და ხუთი წამით ჩამორჩება.
რბოლას გამოეთიშა პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდა, ვისაც ტესტმა კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდგინა. მას კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილი ეკავა.