ჩოგბურთი

2:51 | 27.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა დიდი სლემის ტურნირებზე მე-300 გამარჯვება მოიპოვა

რაფაელ ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობის მეორე წრეში, 6-3, 6-1, 6-4 დაამარცხა ფრანგი კორენტინ მოუტე. ეს მის კარიერაში, დიდი სლემის ტურნირებზე მოპოვებული მე-300 გამარჯვებაა.

ნადალს დიდი სლემის ტურნირებზე 21 ტიტული აქვს მოპოვებული, რომელთაგან 13 როლან გაროსისაა. ამ მიღწევებით, ის მამაკაცთა ტურზე რეკორდსმენია. მას ამ სეზონში ტრავმა თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს. თუმცა როლან გაროსის მიმდინარე კამპანია, მისთვის ჩვეულ სტილში დაიწყო.

„ტურნირზე ბევრს ვერაფერს მივაღწევ, თუ ყოველდღე ჩემს ტრავმებზე ვიფიქრებ. თუ რამე მოხდა, ამას ჩვეულებრივად მივიღებ. თუმცა ამჟამად ამაზე არ ვფიქრობ და მხოლოდ თამაშზე ვარ ფოკუსირებული“, - განაცხადა ნადალმა, ვისაც ნეკნის და ტერფის ტრავმები აწუხებს.

ესპანელი, ვისაც მომდევნო კვირაში 36 წელი შეუსრულდება, მესამე წრეში ჰოლანდიელ ბოტიკ ვან დე ცანდშულპს დაუპირისპირდება, ვინც ტურნირზე 26-ე ნომრად არის განთესილი. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ნადალს სავარაუდოდ, ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრა მოუწევს.

პირველ ორ წრეში, ნადალმა მეტოქე, რომელიც ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა, წაღმა და ხელუკუღმა დარტყმებით დაბომბა და მცირე შანსიც არ მიუცია. ამ ორ სეტში ესპანელმა ოთხი ბრეიკის მოპოვება მოახერხა. მაგრამ მესამეს დასაწყისში შეცდომებს უხშირა, რითაც ფრანგმა უმალ ისარგებლა და 2-0 დაწინაურდა. ნადალმა საპასუხო ბრეიკი მესამე გეიმშივე აიღო. მათ თითო ბრეიკიც გაცვალეს, რის შემდეგაც, ესპანელმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება და შეხვედრას ამით წერტილი დაუსვა.

0.116174