უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ლა ლიგისა და მადრიდის „რეალის“ ბრალდებებს პსჟ-ს მიმართ უსაფუძვლო უწოდა. როგორც სლოვენიელმა აღნიშნა, პარიზულ კლუბს ფინანსური ფეარ-პლეი კილიან მბაპესთან კონტრაქტის განახლებით არ დაურღვევია, უფრო მეტიც, „რეალიც“ იმავე პირობებს სთავაზობდა ფრანგ ფეხბურთელს, რაც პსჟ-მ შესთავაზა.
„უეფას საკმაოდ მკაცრი ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები აქვს. ვინც პატივს სცემს ჩვენს წესებს, მივესალმებით ჩვენს ტურნირებში, ვინც არ იცავს წესებს - არა. ვერც მადრიდის „რეალი“ და ვერც სხვა გუნდი ვერ ეტყვის უეფას რა გააკეთოს. ისინი აღშფოთებულები არიან, მაგრამ, როგორც ვიცი, მათი შეთავაზება პსჟ-ს მსგავსი იყო.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი: მითხარით ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა იყვნენ ისინი პსჟ-ს მფლობელები. მსგავსი მფლობელები ჰყავთ ინგლისურ გუნდებსაც, ასე რომ, ზუსტად იგივე სიტუაციაა და ნამდვილად დავიღალე ამაზე საუბრით. ბრალდებები კონკრეტული საფუძვლის გარეშე. მინდა, გავიგო, ვინ დაარღვია წესები, თუ ვინმე წესს დაარღვევს, დაისჯება“, - თქვა ჩეფერინმა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პროექტის დაფუძნების შემდეგ უეფას მხარდაჭერა პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გამოუცხადა, რომელიც თავიდანვე არ შეუერთდა სუპერლიგას. ის და ჩეფერინი ახლო მეგობრობით გამოირჩევიან და ალ-ხელაიფი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტადაც დანიშნეს.