ფეხბურთი

13:30 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია "ნაპოლის" ივლისის დასაწყისში შეუერთდება, კლუბმა შეიძლება მისი კონკურენტიც იყიდოს

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ივლისის დასაწყისში შეუერთდება და ახალი სეზონისთვის მზადებას კლუბთან ერთად დაიწყებს.

Area Napoli-ის ინფორმაციით, ლუჩანო სპალეტი 21 წლის ქართველ ფეხბურთელს „დიმაროს“ საწვრთნელ ბაზაზე ელოდება, სადაც „ნაპოლი“ შეკრებას 8-19 ივლისს გაივლის და ახალი სეზონისთვის მზადებას იქ დაიწყებს.

ეს ნიშნავს, რომ ხვიჩა „დინამო ბათუმს“ ევროსარბიელზე ვერ დაეხმარება. თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ნეაპოლელებმა ფეხბურთელი შეიძინეს და ცხადია, უნდათ, რომ მან კლუბთან ერთად სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი გაიაროს, რომ სეზონის დაწყებამდე გუნდთან ადაპტირება მოახდინოს.

გარდა ამისა, იტალიური გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ამიტომ, შეიძლება არ იყოს ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ლორენცო ინსინიეს შეცვლის. როგორც გამოცემა იტყობინება, „ნაპოლის“ „უდინეზეს“ ესპანელი გარემარბის, ჟერარ დეულოფეუს გადაბირებაც სურს და თუ ეს ტრანსფერი შედგა, ხვიჩას კონკურენცია მასთან მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი რამდენიმე კვირის წინ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა და ის კლუბთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

0.114405