ფეხბურთი

18:46 | 24.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "მე ფრანგი ვარ და პსჟ-ში დარჩენა ცხოვრებისეული საკითხიც იყო"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის განახლების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

გარდა ამისა, მბაპემ თქვა, რომ „ლივერპულთანაც“ ჰქონდა მოლაპარაკებები, „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმატება უსურვა, ხოლო იტალიაში თუ ოდესმე ითამაშებს, მხოლოდ „მილანის“ შემადგენლობაში, რომელსაც თურმე ბავშვობაში გულშემატკივრობდა.

„პრეზიდენტ მაკრონთან საუბარი განსაკუთრებული იყო. მადლობას ვუხდი მას კარგი რჩევებისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მე მივიღე და ვფიქრობ, სწორია: დავრჩე ჩემს ქვეყანაში, პსჟ-ს ახალ პროექტში. შემიძლია მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ წავიდე? ამჟამად პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ და მომდევნო სეზონზე ვარ კონცენტრირებული. დანარჩენზე აღარ ვფიქრობ.

დიახ, მართალია, „ლივერპულიც“ იყო დაინტერესებული. დედაჩემის საყვარელი კლუბია, არ ვიცი, რატომ არის „ლივერპულის“ ფანი, მას უნდა ჰკითხოთ. სერიოზულად, ეს შესანიშნავი კლუბია. მათ ჯერ კიდევ 5 წლის წინ შევხვდი, როცა „მონაკოში“ ვთამაშობდი. ამჯერადაც ვისაუბრეთ, ოღონდ ცოტა ხანს. საბოლოოდ, არჩევანის გაკეთება მხოლოდ პსჟ-სა და „რეალს“ შორის მომიწია. ყველამ იცის, რომ გასულ ზაფხულს მინდოდა „რეალში“ წასვლა, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. დღეს ყველაფერი შეიცვალა. მე ფრანგი ვარ, ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ. ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო, არამედ ცხოვრებისეული საკითხია. ჩემი კარიერა რომ დასრულდება, მინდა კარგად ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თუმცა, მადლობას ვუხდი რეალსა და მის გულშემატკივრებს იმ სიყვარულისთვის, რაც მაგრძნობინეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაისური მხოლოდ 1 კვირა მეცვა. როცა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და მაშინ 14 წლის ვიყავი. წარმატებებს ვუსურვებ რეალს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

„მილანთან“ ჩემი ურთიერთობა განსაკუთრებულია. ბავშვობაში მყავდა იტალიელი ძიძა და დიდ დროს ვატარებდი მის ოჯახთან, ყველა „მილანის“ გულშემატკივარი იყო. ასე რომ, მათი წყალობით მეც ვგულშემატკივრობდი „როსონერის“ და ვუყურებდი „მილანის“ ბევრ მატჩს. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ იტალიაში ვითამაშებ, ეს მხოლოდ „მილანში“ მოხდება. სხვანაირად თუ ვიტყოდი, მომკლავდნენ. ხუმრობა იქით იყოს და „მილანს“ სკუდეტოს მოგებას ვულოცავ, იქ ბევრი ფრანგი მეგობარი მყავს, ასევე იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ლეგენდაა და დიდ პატივს ვცემ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის არყოფნა ჩვენთვის უკეთესია, რადგან იტალია დიდი გუნდია. თუმცა, მათი გავარდნა ძალიან მეწყინა, ჩემი თანაგუნდელები ვერატი და დონარუმა ძალიან მოწყენილები იყვნენ. მათთვის რთული იყო, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგიდან პსჟ-ს გავარდნიდან მალევე მოხდა. ზოგჯერ ფეხბურთი ასეთია: მისგან უნდა ისწავლო და იტალიას ახალი თაობის შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მალე მოახერხებს დაბრუნებას“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ ახალი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

0.131155