დღეს ბარსელონაში „რედ ბულის“ და მაქს ფერსტაპენის დღე იყო. მსოფლიო ჩემპიონმა მოიგო და შარლ ლეკლერს, ვინც რბოლა ვერ დაასრულა, ლიდერობა ჩამოართვა. „რედ ბულიც“ დაწინაურდა. „ფერარიმ“ კი ჯერჯერობით ორივე ჩათვლაში დათმო მოწინავის პოზიცია და ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ მხოლოდ საკვალიფიკაციო რბოლებში ახერხებს გამარჯვებებს.
რბოლას ჯერ ლეკლერი გამოეთიშა, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ძრავმა უმტყუნა. შემდეგ სერხიო პერესს გუნდმა სთხოვა, რომ ფერსტაპენისთვის გზა დაეთმო. ჰოლანდიელს ისღა დარჩენოდა, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოეპოვებინა. პერესი მას 13 წამით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. მასვე ჰქონდა რბოლის უსწრაფესი წრე, რაშიც ერთი ქულა ჩაერიცხა.
24 წლის ფერსტაპენი ახლა უკვე თავად უგებს ლეკლერს, მათ შორის სხვაობა 6 ქულაა. ჩემპიონმა ექვსიდან ოთხი რბოლა მოიგო, ყველა, რომლებიც დაასრულა.
„ფერარის“ კარლოს საინსი მეოთხე ადგილს დასჯერდა. მან ჯერ ცუდი სტარტი აიღო, შემდგ კი შეცდა და დატრიალდა.
მესამე ადგილი დაიკავა ჯორჯ რასელმა, ვინც აშკარად გაუმჯობესებული „მერსედესით“, თვით ფერსტაპენსაც კი გაუწია წინააღმდეგობა და როცა ჩემპიონმა გაასწრო, მალევე უკან დაიბრუნა პოზიცია. თუმცა გაუმჯობესება ჯერჯერობით მაინც არ კმარა იმისთვის, რომ სამქიმიანებმა გამარჯვებისთვის ბრძოლა შეძლონ.
ლუის ჰამილტონს რბოლის დასაწყისში შეჯახება მოუვიდა კევინ მაგნუსენთან, რამაც მე-19 ადგილამდე ჩამოაქვეითა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა შეძლო დანაკარგის ანაზღაურება და მეოთხე ადგილთან ახლოს იყო, მაგრამ მისი ძრავის გაგრილების სისტემაში პრობლემა წარმოიქმნა, რის გამოც, მას საინსმა იოლად გაასწრო.
ესპანეთის დიდი პრიზი
ბარსელონა, დისტანცია 308.424 კმ (4.675 კმ, 66 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:37'20.475
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 13.072
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 32.927
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 45.208
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 54.534
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 59.976
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'15.397
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'23.235
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2 წრე
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 2 წრე
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 38 წრე
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 39 წრე
უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:24.108 (55-ე წრე, 200.099 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 110 ქულა; 2. შარლ ლეკლერი - 104; 3. სერხიო პერესი - 85; 4. ჯორჯ რასელი - 74; 5. კარლოს საინსი - 65; 6. ლუის ჰამილტონი - 46; 7. ლანდო ნორისი - 39; 8. ვალტერი ბოტასი - 38; 9. ესტებან ოკონი - 30; 10. კევინ მაგნუსენი - 15; 11-12. დანიელ რიკარდო, იუკი ცუნოდა - 11; 13. პიერ გასლი - 6; 14-15. სებასტიან ფეტელი , ფერნანდო ალონსო - 4; 16. ალექს ელბონი - 3; 17. ლანს სტროლი - 2; 18. გუანიუ ჟოუ - 1; 19-21. მიკ შუმახერი, ნიკოლას ლატიფი, ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) - 0.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბული - 195 ქულა; 2. ფერარი - 169; 3. მერსედესი - 120; 4. მაკლარენ-მერსედესი - 50; 5. ალფა რომეო-ფერარი - 39; 6. ალპინ-რენო - 34; 7. ალფატაური-რედ ბული - 17; 8. ფაას-ფერარი - 15; 9. ასტონ მარტინ-მერსედესი - 6; 10. ულიამს-მერსედესი - 3.