კილიან მბაპემ გადაწყვეტილება მიიღო და „პარი სენ ჟერმენში“ დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport-მა გაავრცელა.
წყაროს თანახმად, მბაპეს მომავალთან დაკავშირებით ეჭვები აღარ არსებობს, რადგან ფეხბურთელმა არჩევანი უკვე გააკეთა და პსჟ-სთან კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს იწურება, გაახანგრძლივებს.
მიუხედავად იმისა, რომ კილიანს „რეალთან“ სიტყვიერი შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, აზრი შეიცვალა და საფრანგეთში დარჩენა ამჯობინა. გამოცემა იმასაც წერს, რომ შესაძლოა პარიზულმა კლუბმა კონტრაქტის განახლების შესახებ განცხადება დღეს საღამოს, „მეცთან“ მატჩის შემდეგ გააკეთოს.
მბაპე პსჟ-ში რომ დარჩება, ფაბრიციო რომანომაც დაწერა, რომლის ცნობით, ფრანგი ამ ზაფხულს "რეალში" ნამდვილად არ გადავა და ამის შესახებ ფლორენტინო პერესსაც აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენს“ 2017 წელს „მონაკოდან“ შეუერთდა. მან პარიზულ კლუბში დღემდე 216 თამაში ჩაატარა და 168 გოლი გაიტანა.