ფეხბურთი

11:08 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "გრიზმანი ჩვენთან რჩება, მორატას შესახებ არაფერი ვიცი"

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ თავისი კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ანტუან გრიზმანი და იან ობლაკი კლუბში რჩებიან, ალვარო მორატას შესახებ კი თქვა, რომ არაფერი იცის.

„მორატასთან დაკავშირებით სიმართლე გითხართ, არაფერი ვიცი. ის ჩვენი ფეხბურთელია, მაგრამ არ ვიცი, შეინარჩუნებს თუ არა მას „იუვე“. ახალ ფეხბურთელებს რა თქმა უნდა დავიმატებთ, გუნდი ვინ უნდა დატოვოს, ამას სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს.

ჩემი აზრით, გრიზმანი ევროპის 3-4 საუკეთესო ფეხბურთელში შედის. ის „ატლეტიკოს“ მოთამაშეა, ჩვენთან კონტრაქტი აქვს და მომდევნო სეზონშიც აქ ითამაშებს. რაც შეეხება ობლაკს, მასზე ჭორები ყოველთვის იყო, კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურება, მაგრამ 10 წლით განახლდება“, - თქვა სერეზომ.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „ატლეტიკოს“ „იუვენტუსში“ ბოლო ორი სეზონი ჰყავდა განათხოვრებული და ტურინელებს მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეუძლიათ, მაგრამ იტალიელებისთვის ეს ფასი ძვირია, ხოლო „ატლეტიკო“ 20 მილიონამდე მის დაკლებას არ აპირებს. „იუვე“ კი მორატას გამოსასყიდად სწორედ ამ თანხის გაღებაზეა თანახმა.

0.1142