„პარი სენ ჟერმენმა“ ანხელ დი მარიას კლუბიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რომელსაც არ განაახლებს და 7 სეზონის შემდეგ ფრანგულ კლუბს დატოვებს.
„ანხელ დი მარიამ კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ის გულშემატკივრების მეხსიერებაში დარჩება, როგორც უნაკლო დამოკიდებულების მქონე ფეხბურთელი, რომელიც ურყევ ერთგულებას ავლენდა ჩვენი კლუბის ფერებისადმი. „პარი სენ ჟერმენის“ მთელ ოჯახს ვთხოვ, რომ მოვიდნენ „პარკ დე პრენსზე“, რათა ის პატივი მივაგოთ, რომელსაც იმსახურებს“, - აღნიშნა პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ.
ანხელ დი მარიამ კარიერა „როსარიო სენტრალში“ დაიწყო, შემდეგ კი „ბენფიკაში“, „რეალსა“ და „მანჩესტერში“ ითამაშა. 2015 წელს დი მარია პსჟ-ს შეუერთდა და 294 შეხვედრაში 91 გოლი გაიტანა, 111 საგოლე პასით კი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეპასე გახდა. მან პარიზში 18 ტიტული მოიგო, მათ შორის, ხუთჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი.
მოსალოდნელია, რომ დი მარია კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და სულ მალე გარიგება დაიხურება.