ევროპა ლიგის ფინალში „რეინჯერსთან“ გამარჯვების შემდეგ (1:1, 5:4 პენ), „აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„დაუჯერებელია. ეს ჩვენი მე-13 მატჩი იყო ტურნირზე და არცერთხელ დავმარცხებულვართ. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა გააკეთეს დღეს და სეზონის განმავლობაში.
ვფიქრობ თუ არა ახლა ჩემპიონთა ლიგაზე? არა. ასე შორს არ ვიყურები, რადგან არ ვიცი რა მოხდება გუნდში უახლოეს თვეებში. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ფანტასტიკური თავგადასავალი გვქონდა, რომელიც აქ, სევილიაში არ მთავრდება. ის ხვალ დასრულდება, როცა თასს ფრანკფურტში ჩავიტანთ.“ - ციტირებს ავსტრიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
მომავალ სეზონში „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.