სხვა

3:53 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩარლომ კასტანო დაამარცხა და პრესტიჟული ტიტულები გააერთიანა

ლოს ანჯელესში, ქვე-საშუალო წონაში (70 კგ) ორი ჩემპიონის, ამერიკელი ჯერმელ ჩარლოს და არგენტინელი ბრაიან კასტანოს შეხვედრა შედგა. მე-10 რაუნდში ჩარლომ მეტოქეს ნოკაუტი აგემა და მას WBO-ის ტიტული ჩამოართვა. ამ გამარჯვების შემდეგ, ჩარლომ თავის ხელში თავი მოუყარა ყველა პრესტიჟული გაერთიანების (WBC, WBC, IBF და WBO) ტიტულებს.

მათი პირველი ბრძოლა შარშან გაიმართა და ფრედ დასრულდა. ამჯერადაც, პირველ რაუნდებში თანაბარი ბრძოლა იყო. მე-10 რაუნდში კი ჩარლომ არგენტინელი ორჯერ დასცა.

ჯერ ჩარლომ მანამდე დაუმარცხებელ კასტანოს ტანში მარჯვენა ჰუკი აძგერა, რასაც თავში ცაცია ჰუკი მიაყოლა. არგენტინლი დაეცა. მან წამოდგომა მოასწრო, მაგრამ ფეხზე მყარად ვეღარ დადგა. ამერიკელმა იგრძნო, რომ მეტოქეს გაუჭირდა და მუშტები მიაყარა.

ჩარლოს ცაცია მუშტი კასტანოს თავში მოხვდა, რასაც მარცხენითვე ტანში დარტყმა მოჰყვა. კასტანო ისევ დაეცა და ამჯერად, რეფერიმ ნოკაუტი დააფიქსირა.

„წარმოუდგენელია. რაც შემეძლო, ყველაფერი გავიღე და ასეთ შედეგს მივაღწიე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ პირველად ვიბრძოდი. ამიტომ, ბევრი ვინერვიულე. ვიცოდი, რომ კასტანოც ბოლომდე დაიხარჯებოდა. მაგრამ მე ბევრი ვივარჯიშე და ყველაფრისთვის მზად ვიყავი“, - განაცხადა ჩარლომ, ვისაც უკვე 35 მოგება (19 ნოკაუტით) დაუგროვდა. ამასთან, თითო წაგება და ფრეც აქვს.

ამ გამარჯვებით, ჩარლო კრივის ექსკლუზიური კლუბის წევრი გახდა. ის სულ მეშვიდე მოკრივეა, ვინც ოთხივე პრესტიჟული საკრივო გაერთიანების (WBC, WBA, IBF და WBO) ტიტულს დაეუფლა. აქამდ ასეთი მიღწევა ჰქონდათ: ამერიკელ ბერნარდ ჰოპკინსს (საშუალო წონა), ამერიკელ ჯერმეინ ტეილორს (საშუალო), ამერიკელ ტერენს კრაუფორდს (ქვემძიმე), უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკს (კრეისერი), შოტლანდიელ ჯოშ ტეილორს (ზე-მსუბუქი) და მექსიკელ საულ კანელო ალვარესს (ზე-საშუალო).

0.124301