ლორენცო ინსინიემ „ნაპოლიში“ ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა. სერია A-ს 37-ე ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდმა შინ „ჯენოა“ 3:0 დაამარცხა და თამაშის დაწყებამდე ინსინიეს სპეციალური გაცილება მოუწყვეს.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში მედგა და ჩემი პირველივე დღიდან სჯეროდა. შორს მივდივარ, მაგრამ ნეაპოლი ჩემი სახლია. მიყვარდა ჩემი მიწა და ჩემი ქალაქი. „ნაპოლიში“ თამაში არამარტო შესანიშნავი იყო, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც და ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეღო. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ერთად განვიცადეთ კარგი და ცუდი მომენტებიც, ზოგჯერ ვკამათობდით, მაგრამ ყოველთვის ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. დიდი მადლობა ყველას“, - თქვა ინსინიემ.
ლორენცო ინსინიე „ნაპოლის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2012 წლიდან დღემდე 433 მატჩში 122 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ყველა დროის გოლეადორებში მხოლოდ დრის მერტენსს ჩამორჩება. 30 წლის იტალიელი ფეხბურთელი კარიერას „ტორონტოში“ გააგრძელებს.
„ნაპოლიში“ უკვე გადაწყვეტილია ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი, რომელიც სწორედ ლორენცო ინსინიეს შემცვლელად განიხილება. თუმცა, „ჯენოასთან“ მატჩის მერე ლუჩანო სპალეტიმაც ისაუბრა:
„ინსინიეს წასვლის შესახებ როგორც კი გავიგე, მას შემდეგ სინანული მეუფლება. ის ისეთი საოცარი ფეხბურთელების გვერდით დგას, როგორებიც დელ პიერო, ბაჯო და ტოტი არიან. ახლა მთავარია, რომ მისი ღირსეული შემცვლელი ვიპოვოთ, როგორც ხარისხობრივად, ისე ტექნიკურად“, - აღნიშნა სპალეტიმ.
„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით სერია A-ში მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო „ჯენოა“ 2007 წლის შემდეგ პირველად სერია A-ში აღარ ითამაშებს და სერია B-ში დაქვეითდა.