სხვა

11:05 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის მსოფლიო თასზე ქართველმა ხმლით მოფარიკავეებმა მე-6 ადგილი დაიკავეს

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მადრიდის მსოფლიო თასზე (Villa de Madrid) იასპარეზა როგორც პირად, ისე გუნდურ შეჯიბრებაში.

ქართველმა მოფარიკავეებმა - სანდრო ბაზაძემ, ბექა ბაზაძემ, გოგა კაკაურიძემ და ლაშა კუჭუხიძემ გუნდურში მე-6 ადგილი დაიკავეს.

ჩვენმა გუნდმა საწყის ეტაპზე ბელგია იოლად - 45-24 დაამარცხა, შემდეგ დრამატულ ბრძოლაში ირანს გაუმკლავდა - 45-44, მაგრამ მეოთხედფინალში 23-45 დამარცხდა უნგრეთის უძლიერეს გუნდთან და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა. აშშ-თან 45-39 გამარჯვების შემდეგ, ქართველებმა საფრანგეთთან 36-45 დათმეს და 26 გუნდს შორის მსოფლიო თასი მე-6 ადგილზე დაასრულეს.

პირად ასპარეზობაში წარმატებით გამოვიდა სანდრო ბაზაძე. საქართველოს ნაკრების ლიდერმა მესამე ადგილი დაიკავა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო რეიტინგზეც.

კერძოდ, მადრიდში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც სანდრო ბაზაძე მესამე საფეხურზეა. ქართველი მოფარიკავე მხოლოდ ორ კორეელს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგში გაასწრო სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ ზილაგის. ასე რომ, რეიტინგით ბაზაძე ევროპაში პირველი ნომერია.

geonoc.org.ge

0.120999