ჯირო დ’იტალიამ უნგრეთიდან სიცილიაში გადაინაცვლა, სადაც ქალაქ ავოლაში მეოთხე ეტაპი გაიმართა. ეს იყო პირველი სამთო რბოლა, რომელიც „ბორა-ჰანსგროს“ გერმანელმა ლენარდ კაემნამ მოიგო. ლიდერის ვარდისფერი მაისური კი ესპანელმა ხუან პედრო ლოპესმა (ტრეკ-სეგაფრედო) მოირგო.
გამარჯვებისთვის ბრძოლა სწორედ ამ ორ მრბოლს შორის გაიმართა. მათ ფინიშამდე კილომეტრით ადრე შეძლეს დაწინაურება. ლოპესს მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლო მოსახვევში შეცდა და კაემნას (ფოტოზე) დაწინაურების შესაძლებლობა მისცა. გერმანელმა შანსი კარგად გამოიყენა.
„ურთულესი დღე იყო. განსაკუთრებით ძნელი ბოლო აღმართი გამოდგა. ერთ მომენტში ლოპესმა 30 წამით გამასწრო და მაშინ მეგონა, რომ მოგება ხელიდან გავუშვი. მერე სპრინტისთვის მოვემზადე და ყველაფერი გამომივიდა. ასე ვიტყვი, შესაძლოა, შეთანხმება გვქონდა, რომ ერთს მოეგო და მეორეს ვარდისფერი მაისური ჩაეცვა“, - განაცხადა კაემნამ.
ასეა თუ ისე, ლოპესი ბოლო შვიდ ჯიროზე პირველი ესპანელი მრბოლია, ვინც ლიდერის მაისურს დაეუფლა. ბოლომ ეს ალბერტო კონტადორმა შეძლო. ახალი ლიდერი მეორეზე მყოფ კაემნას 39 წამს უგებს.
„შეტევა აღმართის ყველაზე დამრეც მონაკვეთზე დავიწყე. მხოლოდ კაემნამ შეძლო დაწევა. ეტაპის მოგება ვცადე, მაგრამ ეს ძნელი გამოდგა. მაგრამ „მალია როსა“ მოვირგე და ამით ბედნიერი ვარ. წარმოდგენა არ მაქვს, მას რამდენ ეტაპზე შევინარჩუნებ“, - განაცხადა ლოპესმა.