ბოლო ორ რბოლაში მაქს ფერსტაპენის გამრჯვებამ და მისმა უპირატესობამ შარლ ლეკლერთან, აშკარა გახადა, რომ „რედ ბულმა“ სეზონის დასაწყისთან შედარებით, თავისი მანქანა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ეს იმ დროს, როდესაც „ფერარი“ სიახლეების დანერგვას არ ჩქარობს.
იტალიურ გუნდს იმედი აქვს, რომ საბიუჯეტო ჭერის წესის წყალობით, „რედ ბულს“ განვითარებისთვის გამოყოფილი სახსრები სეზონის მეორე ნაწილში ამოეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარები განვითარებას შეწყვეტენ. მარანელოელებს კი, იმის ხარჯზე, რომ ამ ეტაპზე, სიახლეების დანერგვას არ ჩქარობენ, განვითარების რესურსი ჩემპიონატის დასრულებამდე შერჩებათ. და ეს მათ გადამწყვეტ უპირატესობას მიანიჭებს.
მაიამის რბოლის შემდეგ, „ფერარის“ შეფმა მატია ბინოტომ განაცხადა, რომ „რედ ბულმა“ იმოლას რბოლისთვის, მანქანის ეფექტური და ძვირადღირებული განახლებები გამოიყენა. ამან ხარებს უპირატესობა მიანიჭა. მაგრამ ბიუჯეტის ჭერის (140 მილიონი დოლარი სეზონში) გამო, „რედ ბული“ განვითარებისთვის საჭირო რესურსს მალე ამოწურავს.
„აშკარაა, რომ რედ ბულმა თავისი მანქანის განვითარება, სეზონის დასაწყისიდანვე დაიწყო. ბოლო ორ რბოლას თუ გადავხედავთ, მათ დაახლოებით რამდენიმე მეათედი წამი მოიგეს. უეჭველია, რომ ჩვენც მოგვიწევს ამის გაკეთება. და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ამასთან, იმის იმედიც მაქვს, რომ ბიუჯეტის ჭერის გამო, რედ ბული რაღაც მომენტში, ტავის ლიმიტს ამოწურავს და განვითარების შეწყვეტა მოუწევს. თუ არა, ჩემთვის გაუგებარი იქნება, რის ხარჯზე აღწევენ მანქანის სრულყოფას“, - ამბობს ბინოტო.
ის დასძენს, რომ „ფერარი“ პირველად სიახლეებს ბარსელონაში გამოიყენებს. და მან იცის, რომ ამ სიახლეებს გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება: „ახლა ჩვენი ჯერია. იმ სიახლეებს, რომლებსაც ბარსელონაში ჩავიტანთ, მომდევნო რბოლებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. იმედი მაქვს, რომ ეს სიახლეები ისეთი ეფექტური იქნება, როგორსაც მოველით. ამ შემთხვევაში, ჩვენ რედ ბულის დაწევას შევძლებთ.“.
„ჩვენ ყოველი რბოლისთვის სიახლის მომზადებას ვერ შევძლებთ. არა იმიტომ, რომ ამის უნარი არ გვაქვს. არამედ იმიტომ, რომ ფინანსურად შეზღუდულები ვართ. ამიტომ, ისეთ სიახლეებს გამოვიყენებთ, რომლებიც უეჭველად კარგად იმუშავებს“, - დასძენს „ფერარის“ შეფი.