ფეხბურთი

17:54 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბორდალასი: "მამარდაშვილის მეორე გუნდში გაშვების მომხრე არ ვიყავი და მართალიც აღმოვჩნდი"

ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სევილიის „ბეტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ ამჯერადაც ილაპარაკა.

ბორდალასმა თქვა, რომ გიორგის მეორე გუნდში გაშვების წინააღმდეგი იყო და დრომ აჩვენა, რომ მართალი გახლდათ.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას აპირებს კლუბი, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი დონით. ჩვეულებრივ, მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ტრაბახი მოსწონს, მაგრამ ჩემს გუნდში მოვახერხე ფეხბურთელების შესაძლებლობების შეფასება, რისი გაკეთება ყველა ფეხბურთელთან შეუძლებელია, მაგრამ გიორგი სწორედ ეს შემთხვევაა. ფაქტობრივად მთხოვდნენ, რომ როდესაც თამაში არ უწევდა, მეორე გუნდში სათამაშოდ გამეშვა, თუმცა წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ვხედავდი, რომ პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის საბრძოლველად მზად იყო. ყველას შრომის წყალობით დრომ გამოაჩინა, რომ მართალი ვიყავი“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს ყველა ტურნირზე 20 მატჩი დაუგროვდა (17 ლა ლიგაში, 3 ესპანეთის თასზე) და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა (რვაჯერ ლა ლიგაში, ერთხელ თასზე). „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, „მესტალიაზე“ სევილიის „ბეტისთან“ გამართავს და თასის ფინალში მარცხისთვის რევანშს ეცდება. ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგაში 35 ტურის შემდეგ 44 ქულით მეათე ადგილზეა.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ იჯარით გასულ ზაფხულს შეუერთდა და წინასასეზონო შეკრებაზე შეძლო შანსის გამოყენება, მერე უშუალოდ სეზონის მიმდინარეობისას. „ღამურებმა“ გიორგი უკვე გამოისყიდეს და კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმეს, ერთი წლით განახლების შესაძლებლობით.

0.116391