ფეხბურთი

20:33 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის ფანტასტიკური თამაში "სან მამესზე": მშრალი კარი და მატჩის მეფის წოდება

გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია და მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა. ამჯერად, ლა ლიგის 35-ე ტურში „სან მამესზე“ „ბილბაოს“ წინააღმდეგ, სადაც კარი მშრალად შეინახა და „ვალენსიამ“ რომ არ წააგო (0:0), მთლიანად ქართველი კიპერის დამსახურებაა.

რაც მთავარია, მამარდაშვილი ლა ლიგის ოფიციალური ვერსიით „მატჩის მეფე“ გახდა! სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ეს აღიარება ზედიზედ მეორედ მოიპოვა, რადგან წინა ტურში „ლევანტესთანაც“ ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, სეზონში კი ეს უკვე სამჯერ მოხდა.

21 წლის ქართველმა მეკარემ 5 სეივი მიითვალა, განსაკუთრებით კი ინიაკი უილიამსი „გააბრაზა“, რომელსაც ჯერ 56-ე წუთზე ერთ-ერთზე აჯობა და ფეხით ბურთი კუთხურზე მოიგერია, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ბასკთა შემტევის თავური დარტყმა მოიგერია, თანაც ძალიან ეფექტური ნახტომით. ასე რომ, გიორგიმ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დამსახურებულად მიიღო. სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა ვალენსიას კიპერის თამაში 7.9 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება იყო, ხოლო Sofascore-მ 8.3 ქულა დაუწერა და ესეც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება გამოდგა.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს ყველა ტურნირზე 20 მატჩი დაუგროვდა (17 ლა ლიგაში, 3 ესპანეთის თასზე) და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა (რვაჯერ ლა ლიგაში, ერთხელ თასზე).

„ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, „მესტალიაზე“ სევილიის „ბეტისთან“ გამართავს და თასის ფინალში მარცხისთვის რევანშს ეცდება. ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგაში 35 ტურის შემდეგ 44 ქულით მეათე ადგილზეა.

0.158296