ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა კარლოს ალვარესმა, მადრიდის ღია პირველობის მეოთხედფინალში თავისი სუპერ ვარსკვლავი თანამემამულე რაფაელ ნადალი 6-2, 1-6, 6-3 დაამარცხა და ნახევარფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.
ალკარასს, ვინც ახლახანს რეიტინგის ათეულში შევიდა, წინა დღით 19 წელი შეუსრულდა და საიუბილეოდ, საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი მიართვა. თუმცა ეს გამარჯვება იოლი არ ყოფილა - მეორე სეტში ის დაეცა და ფეხის მცირე ტრავმა მიიღო.
შესანიშნავად ჩატარებული პირველი სეტის შემდეგ, ალკარასს ინციდენტი მეორე სეტის მესამე გეიმში შეემთხვა. ფეხზე წამომდგარს, მარჯვენა ფეხზე დადგომაც კი გაუჭირდა. და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ შეიძლებოდა, შეხვედრა ვერც დაესრულებინა. ნადალმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მაგრამ გადამწყვეტ სეტში, ალკარასმა თამაში გამოასწორა. მან სეტის სტარტზევე მიაღწია ბრეიკს და ამის შემდეგ, თავისი კერპისთვის ანგარიშის გათანაბრების საშუალება აღარც მიუცია. ის გახდა პირველი თინეიჯერი ჩოგბურთელი, ვინც თიხის საფარიან კორტზე ნადალის დამარცხება შეძლო.
„აღფრთოვანებული ვარ. ბევრი ვერ დაიკვეხნის იმით, რომ თიხაზე ნადალი ჰყავს დამარცხებული. მე ძალიან გამიმართლა, რომ ეს შევძელი“, - განაცხადა ალკარასმა, ვისაც ნადალთან წინა ორი შეხვედრა წაგებული აქვს.
ტრავმის მოშუშების შემდეგ, ნადალისთვის ეს ტურნირი ერთგვარი მოთელვა იყო. ამავე მიზნით, ის რომში გაემგზავრება, სადაც მასტერსის სერიის კიდევ ერთ ტურნირზე იასპარეზებს. მერე კი საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოვა.
ჯოკოვიჩმა პოლონლ ჰუბერტ ჰურკაჩს 6-3, 6-4 მოუგო. სერბმა მესამე წრე თამაშის გარეშე გაიარა, რადგან მის ბრიტანელი მეტოქე ენდი მარი საჭმლით მოიწამლა და კორტზე გამოსვლაც ვერ შეძლო. მისთვის ეს სეზონი დაინვსა მას შემდეგ, რაც ავსტრალიაში, იქაურ ღია პირველობაზე სათამაშოდ არ შეუშვეს. მაგრამ ახლა ფორმაში თანდათან შედის და ისიც როლან გაროსზე გასამარჯვებლად ემზადება.