ფეხბურთი

22:18 | 6.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "შეიხს "სიტი" მხოლოდ იმიტომ არ შეუძენია, რომ ჩემპიონთა ლიგა მოეგო"

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ნიუკასლ იუნაიტედთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც უმეტესად მადრიდის „რეალთან“ გამართულ მატჩს დაეთმო.

გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უკეთ თამაშია საჭირო, ვიდრე მისმა გუნდმა მადრიდში ითამაშა. თუმცა, მარცხით ესპანელი სპეციალისტი იმედგაცრუებული არაა.

„ფეხბურთელებისთვის თამაშის შემდეგ არაფერი მითქვამს. არცერთი სიტყვა არ დაგვეხმარება იმის განცდაში, რასაც ყველა ჩვენგანი ვგრძნობთ. უბრალოდ დრო უნდა გავიდეს, კარგად დავიძინოთ და მომდევნო მიზნებზე ვიფიქროთ. შაბათს ერთად ვიქნებით და ვისაუბრებთ იმაზე, თუ ვინ და როგორები ვართ, რა გააკეთა გუნდმა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასულიყო.

ხალხი ამბობს, რომ თუ ჩვენ ვერ ვიმარჯვებთ, ეს წარუმატებლობაა, მაგრამ ასე არ არის, რადგან ვიცით, რამდენად რთულია ყველაფერი. მესმის, რომ ყველა მოწყენილია, ბიჭებს ყველაზე მეტად სურდათ ფინალში გასვლა. ჩვენ ახლოს ვიყავით ამასთან, ახლა ვეცდებით, ფინალში მომდევნო სეზონში გავიდეთ.

ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, „ატლეტიკომ“ ჩვენზე უკეთ ითამაშა განმეორებითი მატჩის მეორე ტაიმში და ცოტა მეტი იღბალი რომ ჰქონოდა, ნახევარფინალში გავიდოდა, ისევე როგორც, „რეალთან“ ჩვენ უფრო რომ გაგვმართლებოდა, ფინალში ვიქნებოდით. მაგრამ ეს ფეხბურთია, 22 ფეხბურთელი ბურთით მოძრაობს, ცუდიც ხდება და კარგიც. ჩვენი მოვალეობაა ყველა ფრონტზე ბრძოლა, ჩემთვის წარმოუდგენელი შედეგი იყო ისევ ნახევარფინალში ყოფნა.

ჩემპიონთა ლიგა რომ მოგვეგო, ზოგიერთი იტყოდა, რომ ეს ჩვენ მიერ დახარჯული ფულის დამსახურება იქნებოდა და არა შრომისმოყვარეობის დამსახურება. ფეხბურთელები ჯერ ვერ ხვდებიან, მაგრამ ეს ჩვენთვის საჩუქარიცაა. მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ამისთვის საჭიროა იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე მადრიდში ვიყავით. შეიხ მანსურმა ეს კლუბი არ იყიდა და ინვესტიცია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად არ ჩადო, არამედ ყველა ფრონტზე ასპარეზობისთვის. ახლა ჩვენი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობ ტიტულზე, ვფიქრობ ნიუკასლზე, ყურადღებას ვამახვილებ მომავალ მეტოქესა და ედი ჰაუზე“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგას 34 ტურის შემდეგ 83 ქულით ლიდერია და „ლივერპულს“ ქულით უსწრებს. „ქალაქელები“ „ნიუკასლ იუნაიტედს“ 8 მაისს უმასპინძლებენ.

0.115874