„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გუნდის შემადგენლობა მომდევნო სეზონის წინ უნდა გაძლიერდეს. ესპანელმა აღნიშნა, რომ მას გუნდში დარჩენა სურს, მაგრამ „ვალენსია“ ევროტურნირების საგზურისთვის უნდა იბრძოდეს.
„ოთხი თამაში დაგვრჩა, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალური ქულები მოვიპოვოთ და ამის შემდეგ დავგეგმოთ ვინ წავა და ვინ მოვა, დასკვნების გასაკეთებლად დრო იქნება. მესმის, რომ კლუბმა უნდა გაყიდოს მოთამაშეები, რადგან შემოსავალი კლუბისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი უნდა შევცვალოთ, რადგან თუ ნაბიჯს უკან გადავდგამთ, გუნდი დასუსტდება.
გუნდთან კონტრაქტი მაქვს და ჩემი მიზანია, მომდევნო სეზონშიც აქ ვიყო, ამ კონტრაქტს პატივი ვცე და ბოლომდე შევასრულო. თუმცა, „ვალენსიაში“ უნდა მოვიდნენ „ვალენსიას“ დონის ფეხბურთელები. „ვალენსია“ არის კლუბი, რომელიც ევროთასებზე უნდა თამაშობდეს, თასის ფინალში გასვლის მიუხედავად, წელს ეს ვერ მოვახერხეთ და „ვალენსიაში“ ასე არ უნდა იყოს, შემადგენლობა გასაძლიერებელია“, - თქვა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, „ვალენსია“ ლა ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით მეათე ადგილზეა, ხოლო ესპანეთის თასის ფინალში სევილიის „ბეტისთან“ პენალტების სერიაში განიცადა მარცხი.