ფეხბურთი

20:47 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატიდან ეკვადორის ნაკრების მოკვეთა მოითხოვა

ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას განცხადებით მიმართა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან ეკვადორის ნაკრები მოხსნას და მის ნაცვლად სწორედ ჩილე დაუშვას.

ჩილელების ცნობით, ეკვადორის ნაკრებში კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ბაირონ კასტილიომ ითამაშა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი სინამდვილეში კოლუმბიელია და არც 1998 წელსაა დაბადებული, როგორც ეკვადორელებს აქვთ მითითებული, არამედ 1995 წელს დაიბადა. ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, კასტილიოს ეკვადორის ნაკრებში თამაშის უფლება უბრალოდ არ ჰქონდა. მან შესარჩევ ეტაპზე 8 მატჩი ჩაატარა და ჩილელები ამ შეხვედრებში ეკვადორელებისთვის ტექნიკური წაგების ჩათვლას ითხოვენ.

ჩილეს წინააღმდეგ კასტილიომ ორჯერ ითამაშა და თუ ფიფა ჩილელთა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ ჩილეს ნაკრებს სატურნირო ცხრილში 5 ქულა დაემატება (1 ფრედ ითამაშა, ერთიც წააგო). აღსანიშნავია, რომ ჩილემ შესარჩევი ეტაპი მეშვიდე ადგილზე დაასრულა პერუსა და კოლუმბიასაც ჩამორჩა, მაგრამ კასტილიოს მათ წინააღმდეგ არ უთამაშია, შესაბამისად, ქულები მხოლოდ ჩილეს ნაკრებს უნდა დაემატოს და ასეთ შემთხვევაში მეოთხე ადგილზე თავად გადაინაცვლებს.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ნაკლებ სავარაუდოა ფიფამ ჩილელთა მოთხოვნა გათვალისწინოს. ეკვადორის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში კატართან, ნიდერლანდებთან და სენეგალთან ერთად ითამაშებს.

0.075774