ავტოსპორტი

23:40 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ შესაძლოა, პრობლემის მოგვარების გზებს მიაგნო

„მერსედესი“ მისთვის უჩვეულო სიტუაციაშია. გუნდი და მისი შვიდგზის ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი, რომლებსაც წინა რვა სეზონში ბადალი არ ჰყავდათ, ახლა რბოლებს უქულოდაც კი ამთავრებენ. მიზეზი ერთია - ეგრეთ წოდებული პორპოსინგი, ანუ მაღალ სიჩქარეზე, მანქანის უკანა ნაწილის ვერტიკალური რხევები.

ამის მიუხედავად, სამქიმიანებს კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე მესამე ადგილი უკავიათ, მაგრამ ეს მათთვის არაფერია. მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვება და ჩემპიონობისთვის ბრძლაა. გუნდს ადრეც ჰქონია სეზონის დასაწყისში ჩავარდნები, მაგრამ ეს ბოლოს ისევ ტიტულის მოპოვებით მთავრდებოდა. თუმცა ახლანდელი სიტუაცია გაცილებით რთულია.

„მერსედესის“ ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ როგორც კი ინჟინრები პორპოსინგის პრობლემას მოაგვარებენ, გუნდი კვლავ მოწინავეთა რიგებს დაუბრუნდება. ეს იოლი არ იქნება. მაგრამ როგორც ირკვევა, მაიამის რბოლის წინ არსებულ ორკვირიან მონაკვეთში, „მერსედესმა“ პრობლემის მოგვარებისკენ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ იმოლაში რბოლისას, ინჟინრებმა დიდი მოცულობის მონაცემები დააგროვეს, რასაც სიახლეებზე მუშაობისას იყენებენ. გარდა ამისა, უწყვეტი მუშაობა მიმდინარეობს აეროდინამიკურ გვირაბში და სიმულატორზე.

შედეგად, ინჟინრებმა მიაგნეს გარკვეულ გადაწყვეტებს, რომლებითაც მანქანის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ვოლფი ამბობს, რომ მაიამის რბოლისას, გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება იგეგმება, რომლებზეც უნდა გაირკვეს, რამდენად ეფექტურად მუშაობს სიახლეები, რომლებიც დაინერგა. მაგრამ საქმე ამით არ დასრულდება. მაიამიში მხოლოდ ის გაირკვევა, სწორი მიმართულებით ვითარდება მანქანა, თუ არა.

ვოლფი ამბობს, რომ პრობლემების მიუხედავად, გუნდში პანიკა არ შეინიშნება. ინჟინრები სიახლეებზე მუშაობენ, პილოტები კი სიმულატორზე, ამ სიახლეების ხარისხს ამოწმებენ.

0.134682