იტალიური ვებგვერდი Areanapoli „დინამო თბილისისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩის შემდეგ მოედანზე გულშემატკივრების შეჭრას გამოეხმაურა.
აღნიშნული გამოცემა წერს, რომ ფანები მინდორზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ფოტოს გადასაღებად და ავტოგრაფის მისაღებად შეიჭრნენ.
„კვარაცხელიას „დინამო ბათუმის“ მაისური კიდევ რამდენიმე კვირა ეცმევა, შემდეგ კი „ნაპოლის“ შეუერთდება, როგორც ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა. ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, საქართველოს ნამდვილი ვარსკვლავი ახალ კლუბში გადავიდა, სადაც ჯადოქრობს, სანახაობრივად თამაშობს, გოლებს იტანს და საგოლე პასებს აკეთებს. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება.
ის ბევრ გულშემატკივარს უყვარს და ამის დასტურია თბილისიდან გავრცელებული კადრები, რომელშიც კვარაცხელია ფაქტობრივად გარშემორტყმულია ფანებს შორის, რომლებიც მასთან ფოტოს გადაღებას და ავტოგრაფის მიღებას ცდილობდნენ. კადრები ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს. „ნაპოლის“ გულშემატკივრები კი მოუთმენლად ელოდებიან მისი თვისებების ახლოდან ნახვას. მას რთული დავალების შესრულება და კაპიტან ლორენცო ინსინიეს შეცვლა მოუწევს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ კლუბში ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.