ჩოგბურთი

2:31 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა და მადრიდის მასტერსს გამოეთიშა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა. 29 წლის ბასილაშვილი 1/16 ფინალში მასპინძელ და ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა, რომელთანაც საათსა და 23 წუთში, ორ სეტში 3:6, 5:7 დამარცხდა.

არადა, ნიკოლოზს ორივე სეტში ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ საქმე გამარჯვებამდე მიეყვანა. პირველ სეტში მან ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ზედიზედ 5 გეიმი წააგო (მათ შორის 3 საკუთარ ჩაწოდებაზე) და სეტი 3:6 დათმო.

მეორე სეტში, ნიკოლოზმა თავიდან ბრეიკი შეასრულა, ანგარიში 2:0 წაიყვანა, შემდეგ ესპანელმა წონასწორობა აღადგინა (2:2), მაგრამ ქართველმა ისევ ზედიზედ ორი გეიმი მოიგო, 4:2 დაწინაურდა, 5:3-საც იგებდა, მაგრამ სწორედ გარდამტეხ მომენტში მიჯრით 4 გეიმი დათმო, აქედან 2 საკუთარ ჩაწოდებაზე და ბუნებრივია, საბოლოოდ მარცხი განიცადა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი შეასრულა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ალკარასმა 4 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მიითვალა. აქვე შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პირველ წრეში იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარცხა.

0.116086