საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ „დინამო თბილისსა“ და „დინამო ბათუმს“ შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ „დინამო არენაზე“ 20 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდა.
ძნელი გასახსენებელია, ბოლოს თბილისში საქართველოს ჩემპიონატის მატჩს ამდენი მაყურებელი როდის დაესწრო. თუმცა, მათ გოლი ვერ იხილეს და თამაში ნულოვანი ფრით დასრულდა.
არადა, მატჩი ძალიან დაძაბული და შეიძლება ითქვას, სანახაობრივიც გამოდგა, რადგან ორივე კართან არაერთი საგოლე მომენტი შეიქმნა. პირველ ტაიმში თბილისელები უფრო აქტიურობდნენ, მეორეში - ბათუმელები. საწყის 18 წუთში კახა ცხადაძის გუნდს ორი ურეალურესი მომენტი ჰქონდა. ჯერ იყო და, ოსეი ბარნსის დარტყმა ძელმა უკუაგდო, მერე ნიკა მალის დარტყმა ხარიხას მოხვდა. თავის მხრივ, ხარიხა მეორე ტაიმის დასაწყისში ზურიკო დავითაშვილმაც შეაზანზარა. ორი საგოლე მომენტი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, მაგრამ ორჯერვე ანდრეს პრიეტომ აჯობა. კარგი მომენტები ჰქონდათ თორნიკე კირკიტაძეს, თორნიკე გაფრინდაშვილსა და ბენჟამენ ტეიდს, მაგრამ ბურთი კარს ააცილეს. საბოლოოდ - 0:0.
„დინამო ბათუმი“ 24 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში გორის „დილას“ უმასპინძლებს (8 მაისს), ხოლო „დინამო თბილისი“ 19 ქულით მესამე ადგილზეა და ბოლნისის „სიონს“ ესტუმრება.
ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზეა გორის „დილა“, რომელმაც შინ ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩის დასაწყისში ვაგნერ გონსალვეშისა და მიწურულს თამაზ მაქაცარიას გოლებით დამაჯერებლად მოუგო. ანდრეი დემჩენკოს გუნდს 22 ქულა აქვს და „დინამო ბათუმს“ კვალში უდგას, რომელსაც მომდევნო ტურში სტუმრად დაუპირისპირდება.
„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 0:0 (0:0)
თბილისი, „დინამო არენა“
მაყურებელი: 20 000
„დინამო თბილისი“ (3-4-3): პრიეტო; ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე; მალი (სტეფენი 83), ლომინაძე (მოისწრაფიშვილი 67), ოსიყმაშვილი, ხარაბაძე; ბარნსი (კირკიტაძე 67), გაბედავა (ბილენკი 83), კამარა
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
„დინამო ბათუმი“ (4-3-3): კუპატაძე; ჩაბრაძე, კობახიძე, რეხვიაშვილი, აზაროვი; რადინი (ფალავანდიშვილი 86), ტეიდი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 86); მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 90), დავითაშვილი (ფანცულაია 74), კვარაცხელია (ჯიღაური 90)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
„დილა“ – „ტორპედო“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ვაგნერი (11), 2:0 მაქაცარია (90)