სხვა

4:47 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელი თინეიჯერი ერიონ ნაითონი სპრინტის ელიტაში დამკვიდრდა

ამერიკელი თინეიჯერი მორბენალი ერიონ ნაითონი თანდათან სუპერ სპრინტერად ყალიბდება. ამას მოწმობს მის მიერ ბეიტონ რუჯის (შტატი ლუიზიანა) შეჯიბრზე, 200 მეტრზე სპრინტში დაფიქსირებული შედეგი - 19.49 წამი, რითაც მან თვით ლეგენდარული იამაიკელის, უსაინ ბოლტის 20 წლამდელთა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

რაც მთავარია, 17 წლის ბიჭის ეს შედეგი, ყველა დროის მეოთხე საუკეთესოა! უფრო მეტიც, საუკეთესოა მას შემდეგ, რაც ბოლტმა 2012 წელს მსოფლიო რეკორდი (19.19 წამი) დაამყარა. ამაზე მცირე დროში, აღნიშნული დისტანცია ბოლტის გარდა, იოჰან ბლეიკს და მაიკლ ჯონსონს აქვთ გარბენილი.

აქამდე ნაითონის საუკეთესო დრო იყო 19.84 წამი, რომელიც გასულ სეზონში, აშშ-ის ოლიმპიურ შესარჩევ შეჯიბრზე დააფიქსირა. ტოკიოში ის მხოლოდ მეოთხე შედეგს დასჯერდა. იქვე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ოლიმპიელი მძლეოსანი 1964 წლის ოლიმპიადაზე ჯიმ რაიანის გამოსვლის შემდეგ.

სხვათა შორის, ბოლტმა 19.50-ზე ნაკლებ დროში, 200 მეტრი ოთხჯერ გაირბინა. ორჯერ (2008 და 2012 წლებში) ოლიმპიადის ფინალებში და ორჯერაც (2009 და 2011 წლებში) მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებში. სანამ 20 წელი შეუსრულდებოდა, ბოლტის საუკეთესო დრო 19.93 წამი იყო. 19.5-წამიანი ბარიერი კი პირველად 22 წლისამ გადალახა.

ნაითონი პროფესიონალი მორბენალი შარშან გახდა. მან მაშინვე აჯობა ლეგენდარული კარლ ლუისის საუკეთესო დროს 919.75 წამი). მასზე სწრაფი ერთადერთი ამერიკელია - ჯონსონი, რომელმაც 1996 წელს ატლანტას ოლიმპიადაზე 200 მეტრზე მსოფლიო რეკორდით (19.32 წამი) გაიმარჯვა.

0.112003