ავტოსპორტი

2:42 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბარსელონაში „მერსედესი“ პრობლემის არსში ჩაწვდომას იმედოვნებს

რატომ ბარსელონაში და არა მიამიში? - ფლორიდაში ხომ რბოლა უფრო ადრე ჩატარდება... სამქიმიანებს ამის მიზეზი აქვთ. საქმე ისაა, რომ ბერსელონას ტესტებზე მათ ექსპერიმენტული მანქანით ივარჯიშეს, ბაჰრეინში კი ახალი, რადიკალური აეროდინამიკის მქონე მანქანა გამოიყვანეს, რომელსაც მინიმალური ზომის რადიატორების კორპუსები აქვს.

ტესტებზეც და სეზონის პირველივე რბოლაში აშკარა გახდა, რომ მეორე ვარიანტს ხტუნვის უფრო ძლიერი ეფექტი აქვს და შესაბამისად, პრობლემებიც. სიტუაციის გამოსწორებისთვის, ინჟინრებმა ძირი ასწიეს, მაგრამ ამან აეროდინამიკა გააუარესა. შედეგეად, „მერსედესი“ ლიდერებთან სიჩქარეში ბევრს აგებს. ლუის ჰამილტონს და ჯორჯ რასელს კი მოგების არანაირი შანსი არ აქვთ.

გუნდი მცირე რადიატორებიან მანქანაზე უარის თქმას არ აპირებს. და იმედი აქვს, რომ პრობლემის არსს ჩაწვდება და გამოსწორებასაც შეძლებს. მაგრამ როგორც „მერსედესის“ გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, ამისთვის ბარსელონას რბოლის მონაცემების შესწავლა და იმავე ტრასაზე ჩატარებული ტესტების (ექსპერიმენტული მანქანით) მონაცემებთან შედარება იქნება საჭირო.

„მაიამიში სიახლეები გვექნება, ბარსელონაშიც განახლებას ვგეგმავთ. მაგრამ ბარსელონა უფრო მნიშვნელოვანი რბოლა იქნება, რადგან მანქანის პირველი ვარიანტი სწორედ იქ გამოვცადეთ. ამ ვარიანტს ხტუნვის ნაკლები ეფექტი ჰქონდა. ტესტების და რბოლის მონაცემების შედარებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრობლემის მიზეზს გამოვიცნობთ. შემდეგ კი მის გამოსწორებას ვეცდებით“, - გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას ამბობს ვოლფი.

0.110729