ძიუდო

15:10 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია - შავდათუაშვილი უმედლოდ დარჩა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ჩაერთო.

73 კგ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში ალბანელი ინდრიტ კულაი იპონით დაამარცხა, მაგრამ მეორე შეხვედრა იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან წააგო და ლაშა ევროპის ჩემპიონატს უმედლოდ დაემშვიდობა.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმაც მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა და პირველ შეხვედრაში ფინელ ოსკარი მაკინენს იპონით აჯობა, მერე კი გერმანელ ტიმ გრამკოვს მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უნგრელ ატილა უნგვარს სძლია და ნახევარფინალში უკრაინელ სერგი კრივჩაჩს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილს დაიწყო და პირველ საშეჯიბრო დღეს ძალები ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა, რომელთაგანაც ბრინჯაოს მედალს მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლა. ტურნირი 1 მაისს დასრულდება და ტატამიზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავა.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

0.111711