საქართველოს ეროვნული ლიგის მეათე ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის მასობრივი ჩხუბის გამო ჩაიშალა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე მინდორზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, რაც მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. მასპინძელთა მხრიდან განსაკუთრებული აგრესია დინამოელთა თავდამსხმელის, დმიტრი ანტილევსკის მიმართ ჩანდა, რომელმაც მანამდე ტრიბუნებიდან ნასროლი ბოთლი გულშემატკივრებისკენ მოიღერა, რამაც ჩხუბის დაწყებას დაუდო სათავე.
საბოლოოდ, სიტუაცია არ ჩაწყნარებულა და მსაჯმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება რამდენჯერმე დაშოშმინდა, მაგრამ თავიდან გაღვივდა. მოედანზე გულშემატკივრებიც შევიდნენ. სადისციპლინო კომიტეტი მომხდარის შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
რაც შეეხება მატჩს, „დინამო თბილისი“ 2:1-ს იგებდა გიორგი გაბედავასა და თორნიკე კირკიტაძის გოლებით, რასაც 89-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ უპასუხა. უნდა აღინიშნოს, რომ თამაში ძალიან კარგი საყურებელი იყო და სტადიონის ტრიბუნებიც თითქმის სავსე გახლდათ. თუმცა, ბოლოს მომხდარმა ინცინდენტმა ყველაფერი გააუფერულა.