ფეხბურთი

18:35 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" მოგებების სერია "სიონთან" შეწყდა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო და მეათე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

ბოლნისში, „სიონმა“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა. მოქმედი ჩემპიონი ამ თამაშს 5-მატჩიანი მოგებების სერიით შეხვდა, თუმცა ამჯერად ქულები დაკარგა. არადა, ბათუმელები ახლოს იყვნენ მორიგ გამარჯვებასთან. ირაკლი ბიძინაშვილმა 44-ე წუთზე გახსნა ანგარიში და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, რასაც მასპინძლებმა თომა ტაბატაძის გოლით 82-ე წუთზე უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ 42-ე წუთზე მოედანი ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა, მცირე დაზიანების გამო. ყოველ შემთხვევაში ტრავმა სერიოზული არ ჩანდა და სავარაუდოდ, ბათუმელებმა სიფრთხილის მიზნით შეცვალეს.

„დინამო ბათუმს“ 32 ქულა აქვს, ლიდერია და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „სიონი“ 10 ქულით მეცხრეა და წინ „თელავთან“ დაპირისპირება ელოდება.

წყალტუბოს „სამგურალმა“ შინ „საბურთალო“ 3:0 დაამარცხა. არადა, 75-ე წუთამდე უგოლო ფრე ფიქსირდებოდა, მაგრამ ბოლო 15 წუთში იმერლებმა შესანიშნავად ითამაშეს და სამჯერ გაიტანეს. შედეგად, „სამგურალმა“ 14 ქულა დააგროვა და მომდევნო შეხვედრას „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს, ხოლო „საბურთალო“ 15 ქულით მესამეა და წინ „გაგრასთან“ შეხვედრა აქვს.

„გაგრასთან“, რომელმაც „დინამო თბილისის“ შემდეგ გორის „დილა“ დაამარცხა და გამარჯვების გოლი ამჯერადაც მათე კვირკვიამ გაიტანა. გაგა კირკიტაძის გუნდმა ზედიზედ მეორე მოგებით 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო „დილა“ მეორე საფეხურზეა 19 ქულით, შემდეგ ტურში კი ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

„სამგურალი“ – „საბურთალო“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 დოლიძე (75), 2:0 ჩიხლაძე (86), 3:0 ქურდაძე (90)

„სიონი“ – „დინამო ბათუმი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (44), 1:1 ტაბატაძე (82)

„გაგრა“ – „დილა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კვირკვია (68)

0.13068