ძიუდო

15:47 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი და ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძვიან

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საშეჯიბრო დღეს საქმეში საქართველოს ნაკრების ოთხი წარმომადგენელი ჩაერთო, ორი მათგანი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა ეთერ ლიპარტელიანს, რომელმაც ჯერ პოლონელი არლეტა პოდოლაკი ვაზარით და შემდეგ ფრანგი პრისცილა ნიეტო იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველმა კიდევ ერთ ფრანგ სარა ლეონი სისიკესთან იპონით თავად წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ჩეხ ვერა ზემანოვას შეხვდება.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა უკრაინის სახელით მოასპარეზე დილშოტ ხალმატოვი და ნიდერლანდების წარმომადგენელი თორნიკე ჭკადუა ვაზარით დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან იპონით წააგო. ლუხუმი ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ სედრიკ რევოლს გაეჯიბრება.

ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილმა იასპარეზა, რომელიც პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მაგრამ მეორე წრეში ფრანგ სედრიკ რევოლთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

66 კგ წონით კატეგორიაში მედლისთვის ვერ იბრძოლა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში რუმინელი ლუსიან დუმიტრესკუ დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ბულგარელ დენისლავ ივანოვთან წააგო და რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა. აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

30 აპრილს ტატამიზე სხვა ქართველი ძიუდოისტებიც გავლენ. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) პირველ წრეში ალბანელ ინდრიტ კულაის შეხვდება, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) კი ასპარეზობას ფინელ ოსკარი მაკინენთან ბრძოლით დაიწყებს. აქვე გეტყვით, რომ შეჯიბრის ბოლო დღეს, 1 მაისს 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

0.142738