ფეხბურთი

1:00 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე გერმანული ფინალი გამოიკვეთა

ევროპა ლიგაზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და გერმანული ფინალის კონტურები გამოიკვეთა.

„ლაიფციგმა“ შინ „რეინჯერსი“ ანხელინოს ერთადერთი გოლით დაამარცხა. ესპანელმა მცველმა 85-ე წუთზე გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ „აიბროქსზე“ „რეინჯერსს“ შანსი ნამდვილად ექნება.

კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა „აინტრახტმა“, რომელმაც „ვესტ ჰემს“ ლონდონში 2:1 მოუგო და ცხადია, გერმანიაში თამაშის წინ წყვილის ფავორიტად იქცა.

ნახევარფინალური მატჩები გაიმართა კონფერენს ლიგაზეც, სადაც ყველაფერს საპასუხო მატჩები გადაწყვეტს.

„ლესტერ სიტიმ“ „რომას“ უმასპინძლა და ლორენცო პელეგრინის გოლით დასაწყისშივე ჟოზე მოურინიოს გუნდი დაწინაურდა, მაგრამ მეორე ნახევარში ჯანლუკა მანჩინიმ ავტოგოლი გაიტანა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

როტერდამში, „ფეიენოორდმა“ „მარსელს“ უმასპინძლა და მეოცე წუთზე 2:0-ს იგებდა, მაგრამ პირველივე ნახევარში ფრანგებმა მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. მიუხედავად ამისა, პირველი დუელი მაინც ნიდერლანდელებმა მოიგეს, რადგან მეორე ტაიმში გამარჯვების გოლი გაიტანეს - 3:2.

ევროპა და კონფერენს ლიგაზე საპასუხო მატჩები ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.

0.148022