ფეხბურთი

23:11 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინი: "პანენკას დარტყმას ვაპირებდი, მაგრამ მამარდაშვილს რომ დავაკვირდი, გადავიფიქრე"

„ბეტისის“ ფეხბურთელმა ხოაკინმა ესპანურ გაზეთ Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ესპანეთის თასის ფინალში შესრულებულ პენალტზეც ისაუბრა.

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ „პანენკას სტილში“ დარტყმას აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც დაინახა, რომ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბოლო მომენტამდე კუთხეს არ ირჩევდა.

„გონებაში სამხრეთ კორეასთან პენალტზე ვფიქრობდი, ეს არ არის ტყუილი, როდესაც დასარტყმელად ვემზადებოდი. კორეაში მეხუთე დავარტყი, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი. ასევე ვფიქრობდი, „რაიოსთან“ ბოლოს გაცუდებულ პენალტზეც. თუმცა, არის მომენტები, როცა პასუხისმგებლობის და გამბედაობის გამოჩენა საჭიროა, ამიტომ, ვთქვი, რომ გავიტანდი, მაგრამ მართალია, ცოტა მეშინოდა.

თუ ვიცოდი როგორ დავარტყამდი? თავიდან, როცა მწვრთნელმა მითხრა, რომ მეორე დავარტყამდი, გეფიცებით, ვუთხარი, რომ „პანენკას სტილში“ დავარტყამ-მეთქი. თუმცა, პირველ პენალტზე დავინახე, რომ მეკარე დიდხანს იდგა ერთ ადგილზე, ვერ გავბედე. ამიტომ, ვცადე მისი მოტყუება და კარში დარტყმა. გადავწყვიტე მისგან მარჯვენა კუთხეში დამერტყა, საბედნიეროდ, ბურთი ოდნავ მაღლა წავიდა, მეკარე შეეხო, მაგრამ მოგერიება ვერ შეძლო“, - განაცხადა ხოაკინმა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა „ბეტისთან“ შესანიშნავად ითამაშა, 3-ჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, ხოაკინის პენალტის მოგერიებასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ „ვალენსია“ პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა და თასი ვერ მოიგო.

0.113821