დღეს, მინო რაიოლას გარდაცვალების შესახებ ცნობა ყველა გავლენიანმა სააგენტომ გაავრცელა, მაგრამ ინფორმაცია არ დადასტურდა.
ბოლო ინფორმაციით, იტალიური წარმოშობის ნიდერლანდელი საფეხბურთო აგენტი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ცოცხალია.
„აღშფოთებული ვარ ფსევდო ჟურნალისტების სატელეფონო ზარებით, რომლებიც მებრძოლი ადამიანის სიცოცხლით სპეკულირებენ“, - თქვა მილანის „სან რაფაელეს“ საავდმყოფოს ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა ალბერტო ძანგრილომ.
რაიოლას გარდაცვალების ინფორმაცია არ დაადასტურა ფაბრიციო რომანომაც, რომელმაც განაცხადა, რომ ის ცოცხალია და რეანიმაციაში იმყოფება.
54 წლის რაიოლას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და იანვარში ოპერაცია გაიკეთა, ბოლო დროს კი მისი მდგომარეობა გაუარესდა.
მინო რაიოლა საფეხბურთო სამყაროში ჟორჟე მენდეშთან ერთად ყველაზე წარმატებული აგენტი იყო. მასთან არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი თანამშრომლობდა, ამჟამად კი ისეთი ფეხბურთელების აგენტია, როგორებიც პოლ პოგბა, ჯანლუიჯი დონარუმა, მატაის დე ლიხტი, ერლინგ ჰოლანდი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.