„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Sport-Express-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 29 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება მუდმივი ტრავმების გამო მიიღო. ანანიძე ბოლო დროს „დინამო ბათუმში“ თამაშობდა, მაგრამ დაზიანების გამო უკანასკნელ ხანს ვერ თამაშობდა.
ქართველი ფეხბურთელის კარიერის დასრულებას მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმო კარერა გამოეხმაურა:
„ძალიან ვწუხვარ, რომ მან კარიერა დაასრურლა. ჯანო დიდი ფეხბურთელი იყო, ძალიან დიდი ტალანტი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სერიოზული პროფესიონალი და დიდებული ადამიანი. ალბათ იმაზე ნაკლებ წარმატებას მიაღწია, ვიდრე იმსახურებდა. გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ ახლა გამოწვევაში“, - თქვა იტალიელმა რუსულ მედიასთან.
ჯანო ანანიძემ კარიერა მოსკოვის „სპარტაკში“ დაიწყო, ასევე ითამაშა „ანორთოსისში“, „როტორში“, „კრილია სოვეტოვსა“ და „დინამო თბილისში“. მიმდინარე სეზონში მან ეროვნულ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრებში ანანიძემ 43 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.