ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსის“ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც 2021-2022 წლების სეზონის შეაჯამა.
მან გასული სეზონი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ იცის რა ასპექტზე სჭირდება მუშაობა, რომ კიდევ უფრო განვითარდეს და მოუმატოს.
- ალბათ სამართლიანი იქნება თუ აღვნიშნავთ იმ მომენტს და პერიოდს, რომელიც თქვენი კარიერის საუკეთესო მონაკვეთია. რას ფიქრობთ, რა არის იმის საიდუმლო რომ 5, 6 ან თუნდაც 7 და მეტი წარმატებული თამაში ჩაატარეთ სეზონში?
- "უპირველეს ყოვლისა ეს მწვრთნელის დამსახურება იყო, რომელიც მე მენდო და მაძლევდა სათამაშო დროს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გუნდის ერთობა, რწმენა საკუთარი თავისა და ასევე თანაგუნდელების მიმართ. როცა გუნდი ერთად თამაშობს და ერთიანი ძალებით იბრძვის, წარმატება გარდაუვალია. შეიძლება გქონდეს ბევრი ტრავმა და ამან ხელი შეგიშალოს მაგრამ, უპირველესი მაინც რწმენაა. ვმუშაობ ბევრს, რომ მოედანზე თავი კარგად წარმოვაჩინო, ეს დამატებით თავდაჯერებულობას მმატებდა და ამიტომაც წინა სეზონი ძალიან კარგი იყო".
- დიახ სწორედ ეს მინდოდა მეკითხა წინა სეზონთან დაკავშირებით, ბოლო თვეზე და თქვენს კავშირზე, თქვენ სექტემბერში დაბრუნდებით გუნდში?
- "დიახ, რა თქმა უნდა. წინა თამაშებიდან გამომდინარე ვიცი, რომ ახლა შემიძლია რაღაცებზე მუშაობა. ის რაც წინაზე ვერ შევძელი, ვეცდები ახლა შევძლო და გამოვასწორო. ცუდად ყოფნის მიუხედავად, შევძლებ, რომ ბევრი მუშაობით მივაღწიო ყველაფერს და ამ მხრივ დიდი ნაბიჯები გადავდგა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მწვრთნელის ნდობა მეტ თავდაჯერებულობას მმატებს. ეს კარგი გრძნობაა და ვაგრძელებ მუშაობას, რომ ჩემი სისუსტე, რაც მაქვს თამაშების დროს აღმოვფხვრა და დიდი ნაბიჯებით ვიარო წინ. ვფიქრობ, ეს შემიძლია".
- თქვენ ხართ ერთ-ერთი საუკეთესო იმ ახალგაზრდა ბიჭების სიაში, რომლებიც კარგად თამაშობენ. გითამაშიათ და კარგი ურთიერთობა გაქვთ ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან ჯელენ სმიტი და აიზია ჯექსონი. რას იტყვით ამ ფაქტზე?
- "პირველ რიგში ვიტყვი, რომ მათგან ბევრი ვისწავლე. ეს ჩემი მესამე წელია, როდესაც მათთან თამაში მიწევს და ბევრ კითხვას ვსვამდი. აიზია მეკითხებოდა ვიყავი თუ არა მზად და მარწმუნებდა, რომ მე ეს შემეძლო. ასევე მაილსი, რომელიც ძალიან ძლიერია. ის შესანიშნავად თამაშობდა. ჯეილენთან შედარებით უზარმაზარი იყო. ის ბევრს საუბრობდა თუ როგორ უნდა გვეთამაშა ერთად შესანიშნავად. კარგი მსროლელი და ასევე კარგი მცველი იყო. მას რამდენიმე სვლის გაკეთება შეეძლო. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით პრაქტიკის მიღებაში, რაც ჩვენს გუნდს შესანიშნავს ხდიდა".
- მალკომმა ერთი თვის წინ თქვა რომ მას ძალიან მოსწონს ისეთი მოწიფული ბიჭები, როგორიც თქვენ ხართ კალათბურთში, რას იტყვით საუკეთესო წყვილთან დაკავშირებით ამ მხრივ?
- "ნამდვილად, 19-20 წლის ბიჭები მოდიან აქ. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. თავიდან ბევრი არაფერი ვიცოდი NBA-ზე და მის სტილზე. ბევრი კითხვა გაქვს, ყველაფერი იდუმალია, ვერ ერკვევი, ვცდილობდი მესწავლა და გამეგო ყველაფერი. მალკომი 3 წლის მანძილზე მეხმარებოდა, ის ბევრს მესაუბრებოდა, არამხოლოდ კალათბურთზე, არამედ ზოგად საკითხებზე, მხოლოდ მე კი არა, ძალიან ბევრს დაეხმარა. მაგალითად TJ-ს, მაილსს და ა.შ. ჩვენ აქ გავიზარდეთ, ასე გადის დრო და ვსწავლობთ ბევრ რამეს".
- შემდეგ სეზონში რას გააუმჯობესებდით, რა არის თქვენი მიზანი?
- "ბევრს ვმუშაობთ, ასევე ახალგაზრდა მოთამაშეებთანაც და ბევრს ვასწავლით მათ, როგორც მე ვსწავლობდი ხოლმე. ბევრი სიახლე იქნება ჩემს ახალ თამაშზე და ვფიქრობ, ბევრი შესანიშნავი რამის გაკეთება შემიძლია, ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე. ასე რომ განვაგრძობ მუშაობას და ვარჯიშს. როგორც იცით, რიკს სტაფში ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდა და მეც სულ მასთან მივდივარ კითხვებით და ვფიქრობ, ეს ძალიან დამეხმარება, რომ ჩემი შედეგები გავაუმჯობესო", - თქვა გოგა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ "პეისერსმა" რეგულარული ჩემპიონატი ძალიან ცუდად ჩაატარა და პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო. თუმცა გოგა ბითაძეს რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჰქონდა. მას "ინდიანასთან" ახალბედისთვის განკუთვნილი კონტრაქტის კიდევ ერთი წელი აკავშირებს. ამერიკული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ გუნდმა ბითაძის ტრეიდს დასთანხმდეს, მომავალ კლუბად კი "სან ანტონიო" სახელდება. მაგრამ, ეს ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა, თავად კალათბურთელს "პეისერსთან" ერთად სხვა გეგმები აქვს, რაც ამ ინტერვიუშიც ჩანს.
გოგა ბითაძემ წელს კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა, როდესაც 23 ქულა ჩააგდო და ბოლო დროს სასტარტო შემადგენლობაშიც ხშირად ხვდებოდა. ის საშუალოდ 14.2 წუთში 7.0 ქულასა და 3.8 მოხსნას აგროვებდა.