ფეხბურთი

1:45 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "იტალიის ნაკრებში ბოლოჯერ არგენტინასთან ვითამაშებ"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ დაანონსა, რომ იტალიის ნაკრებს 1 ივნისს, არგენტინასთან მატჩით დაემშვიდობება. როგორც ჯორჯომ აღნიშნა, ივნისში ერთა ლიგის მატჩებში „სკუადრა აძურაში“ არ ითამაშებს.

„აქედან სეზონის ბოლომდე ჩემი სიტუაცია უნდა შევაფასო. უნდა გავიგო, რისი გაკეთება მსურს. მეოთხე ადგილზე გავდივართ, იტალიის თასის ფინალში ვართ, გასულ წელსაც ასე იყო. ნორმალურია, რომ 38 წლის ასაკში გაჩერდე და რაღაცები გააცნობიერო.

თუ კარგად ვიქნები, 1 ივნისს არგენტინასთან ვითამაშებ და ეროვნულ ნაკრებს „უემბლიზე“ დავემშვიდობები, სტადიონზე, სადაც კარიერის მწვერვალს მივაღწიე. „აძურისთან“ დამშვიდობება ისეთი საზეიმო მატჩით, როგორიც არგენტინასთან გველის, საუკეთესო იქნება. ეს თამაში იტალიის ნაკრებში ჩემთვის ნამდვილად ბოლო იქნება და შემდეგ ადგილს ახალგაზრდა, კარგ ბიჭებს დავუთმობ“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ის გუნდს მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებს და კარიერას MLS-ში გააგრძელებს.

ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებში 2004 წელს ითამაშა პირველად, გასულ წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 2012 წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი. მას „სკუადრა აძურაში“ 116 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

0.120298