კალათბურთი

11:58 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმი ბატლერის სიგიჟე, "მაიამი ჰიტი" შემდეგ ეტაპთან ერთ ნაბიჯშია (+VIDEO)

გუნდური დაცვა - ეს ის კომპონენტია, რომლითაც „მაიამი ჰიტმა“ „ატლანტა ჰოუქსი“ გაანადგურა. ამასთან ერთად ჯიმი ბატლერმა იფრინა, ტრეი იანგი კი საერთოდ გააჩერეს.

ახლა „მაიამის“ დიდი შანსი აქვს, რომ პლეი ოფის პირველი რაუნდი სამშაბათ საღამოს, საკუთარ დარბაზშივე დაასრულოს, თუმცა, მანამდე დღევანდელი მატჩის შესახებ:

ერიკ სპოელსტრას გუნდი საოცარ ფორმაშია და „ატლანტას“ 6-მატჩიანი საშინაო მოგებათა სერია შეაჩერა. მათ მხოლოდ კაილ ლოური აკლდათ, რომრლმაც წინა შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და დღევანდელი მატჩი გამოტოვა. მეტოქეს კი შონდი ბრაუნი და ლუ უილიამსი ვერ ეხმარებოდნენ, რომლებსაც უკვე კარგა ხანია თამაშები ტრავმის გამო უცდებათ.

პირველი პერიოდი თანაბარი გამოდგა, მეტიც „ატლანტა“ მცირე უპირატესობას ფლობდა და 26:25 მოიგო კიდეც. მაგრამ, მეორე მეოთხედი კარგი დასაწყისის მიუხედავად წააგო და ფლორიდელები წინ 14 ქულით გაიჭრნენ. ჯიმი ბატლერს და კამპანიას უპირატესობა ხელიდან არც შესვენების შემდგომ გაუშვიათ და ანგარიშში სხვაობას მხოლოდ და მხოლოდ ზრდიდნენ.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა გუნდმა ყველაფერს წერტილი მაშინ დაუსვა, როდესაც თამაში 26:4-ზე წაიყვანა. ამ ფორის შემდეგ კი მეტოქე გუნდი უბრალოდ უძლური გამოდგა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზუსტი სროლების მხრივ ორივე გუნდი მოიკოჭლებდა. მთლიანობაში "მაიამიმ" მცირედი უპირატესობით აჯობა "ჰოუქსს" - 43.5% 40%-ის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში კი „ჰიტმა“ მეტოქე 24-ქულიანი სხვაობით - 110:86 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში უნიდესი წვლილი ჯიმი ბატლერმა შეიტანა. მან პარკეტზე 36:28 წუთი გაატარა, რა დროშიც 36 ქულით, 10 მოხსნით, 4 პასით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ამისთვის ამერიკელს 21 სროლა დასჭირდა, რომელთაგანაც ზუსტი 12 გამოდგა. მან 2-სან 1 სამქულიანი და 19-დან 11 ორქულიანი ჩააგდო. იდეალური იყო სამწამიან ზონაში, რომლის წინააღმდეგაც ძალიან ბევრჯერ დაჯარიმდნენ. მან 12 საჯარიმო ისროლა და მხოლოდ 1 გააფუჭა. თავად პერსონალური ფოლი მხოლოდ ერთხელ მიიღო, +- მაჩვენებელი კი +14 ჰქონდა.

„მეუბნებოდნენ, რომ აგრესიული უნდა ვყოფილიყავი. ჩემი მთავარი მიზანი გამარჯვება იყო, ასევე ლოურის ტრავმის შედეგად დატოვებული სიცარიელეც უნდა შემევსო. დღევანდელი მატჩი კარგი გამოვიდა. ახლა ჩვენ კიდევ ერთი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ", - თქვა ბატლერმა.

„მაიამიდან“ ჯიმის გარდა თავი დიდად არავის გამოუჩენია. 14 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა ადებაიომ, ასევე 14 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა ტაკერს. 10-ზე მეტი ქულა კი მაქს სტრუსმა (12) და ნიგერიელმა გაბი ვინსენტმა (11) დააგროვეს.

„ატლანტადან“ ყველაზე შედეგიანი დეანდრე ჰანტერი იყო. ამერიკელმა ფორვარდმა საკუთარ გუნდს 24 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოუტანა. კევინ ნოქსმა 12 ქულა ჩააგდო, კოლინსმა კი 11. 9 ქულა, 7 მოხსნა და 1 შდეგიანი გადაცემა იყო იტალიელი დანილო გალინარის ანგარიშზე.

3 მატჩის გამოტოვების შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა კაპელამ. მან 21 წუთი ითამაშა და მხოლოდ 2 ქულის ჩაგდება მოახერხა, რომელსაც 7 მოხსნაც დაამატა. „ჰოუქსმა“ პირველ ნახევარში 11-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. საერთო ჯამში კი 20-დან 11.

"ატლანტას" კალათბურთელები შეტევაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტრეი იანგი კი მხოლოდ 9 ქულას გამორჩა. მან ფარის მიმართულებით 11-ჯერ ისროლა, აქიდან ზუსტი მხოლოდ 3 აღმოჩნდა და ისიც შორი დისტანციიდან.

პლეი ოფში ასევე პირველი თამაში ჩაატარა "მაიამის" ფორვარდმა ვიქტორ ოლადიპომ. მან 23 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი გამოიმუშავა. ოლადიპომ ბოლოს 10 აპრილს, „ორლანდოს“ წინააღმდეგ ითამაშა, როდესაც რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში: 40 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

„მაიამი“ მიმდინარე სეზონში „ატლანტასთან“ ჩატარებულ საშინაო შეხვედრებში (პლეი ოფის პირველი 2 მატჩის ჩათვლით) 5:2-ს იგებს. სერიაში ანგარიში 3:1-ია, ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 27 აპრილსაა ჩანიშნული და შესაძლოა პლეი ოფის მეოთხედფინალის საგზური სპოელსტრას გუნდმა სწორედ ამ შეხვედრაში მოიპოვოს.

0.115128