ავტოსპორტი

22:47 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა იმოლაში გაიმარჯვა, „რედ ბულმა“ კი დუბლი შეასრულა

კვალიფიკაციის და სპრინტის მოგების შემდეგ, მაქს ფერსტაპენმა ემილია-რომანიას დიდი პრიზიც მოიგო, რბოლაში უსწრაფესი წრეც დააფიქსირა და იმოლადან ქულების მაქსიმუმი გაიყოლა. მისმა გუნდმა „რედ ბულმა“ დუბლით მოიგო და მანაც მაქსიმალურ ქულებს მოუყარა თავი.

„ფერარის“ ფანებს სპრინტისას იმედი გაუჩნდათ, რომ შარლ ლეკლერი შეძლებდა მსოფლიო ჩემპიონთან ბრძოლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა - სტარტიც ჩააგდო, ხარების ტემპსაც ვერ აჰყვა და საბოლოოდ, შეცდომა დაუშვა, რაც ქულების დაკარგვად დაუჯდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერ ისევ ლიდერია და ფერსტაპენს 27 ქულით უგებს.

„ფერარის“ კიდევ ერთი პილოტი, კარლოს საინსი, რბოლას სტარტზევე გამოეთიშა - მას ინციდენტი შეემთხვა დანიელ რიკარდოსთან. ესპანელი იქვე გამოეთიშა რბოლას, ავსტრალიელმა კი გზა გააგრძელა, მაგრამ ფინიშს ბოლომ მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ „რედ ბულმა“ ბოლო ექვს სეზონში, პირველად შეასრულა დუბლი. პერესმა ლეკლერს რბოლის დასაწყისშივე გაასწრო და პიტ სტოპების ბოლო სერიის შემდეგაც მის წინ აღმოჩნდა. ლეკლერს მესამე ადგილი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მეორესთვის იბრძოლა და ამას შეცდომ ამოჰყვა... ნარბოლევს აღიარა, სიხარბის გამო დავზარალდიო.

პერესის დევნისას, მან კერბზე გადაიარა, რამაც მანქანა ჰაერში ააგდო. ასფალტზე დაშვების შემდეგ კი მონაკოელმა მართვა დაკარგა და დატრიალების შემდეგ, კედელს მსუბუქად დაეჯახა. მან გზის გაგრძელება შეძლო, მაგრამ მაშინვე ბოქსებში შეუხვია და რამდენიმე პოზიცია დაკარგა. საბოლოოდ, ჩემპიონატის ლიდერი მეექვსე ადგილს დასჯერდა.

საბოლოოდ, კვარცხლბეკზე მესამე ადგილი ლანდო ნორისმა დაიკავა. მომდევნო ადგილებზე „მერსედესის“ ახალწვეული ჯორჯ რასელი და ყოფილი პილოტი ვალტერი ბოტასი გავიდნენ, რომლებიც ფინიშთან წამზე ნაკლებმა დააშორა. რასელისგან განსხვავებით, უქულოდ დარჩა ლუის ჰამილტონი, ვინც რბოლის დაახლოებით მესამედი, პიერ გასლის დევნაში გაატარა, მაგრამ მისი გასწრება ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ რბოლა სველ ტრასაზე დაიწყო და ამის გამო, ორგანიზატრორები კარგა ხანს, DRS-ის გამოყენების უფლებას არ იძლეოდნენ. თუმცა როცა ჰამილტონი გასლის უტევდა, DRS უკვე დაშვებული იყო. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს საქმეს ის გარემოება ურთულებდა, რომ გასლი ალექს ელბონს მისდევდა და თავადაც ხსნიდა ფრთას.

ემილია-რომანიას დიდი პრიზი

იმოლა, დისტანცია 309.049 კმ (4.909კმ, 63 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:32'07.986
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 16.527
  3. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 34.834
  4. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 42.506
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 43.181
  6. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 56.072
  7. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'01.110
  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'10.892
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'15.260
  10. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
  11. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1 წრე
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  13. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1 წრე
  14. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
  15. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  17. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  18. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
  19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 57 წრე
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 63 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:18.446 (55-ე წრე, 225.281 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. შარლ ლეკლერი - 86 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 59; 3. სერხიო პერესი - 54; 4. ჯორჯ რასელი - 49; 5. კარლოს საინსი - 38; 6. ლანდო ნორისი - 35; 7. ლუის ჰამილტონი - 28; 8. ვალტერი ბოტასი - 24; 9. ესტებან ოკონი - 20; 10. კევინ მაგნუსენი - 15; 11. დანიელ რიკარდო - 11; 12. იუკი ცუნოდა - 10; 13. პიერ გასლი - 6; 14. სებასტიან ფეტელი - 4; 15. ფერნანდო ალონსო - 2; 16-18. გუანიუ ჟოუ, ალექს ელბონი და ლანს სტროლი - 1; 19-21. მიკ შუმახერი, ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. ფერარი - 124 ქულა; 2. რედ ბული - 113; 3. მერსედესი - 77; 4. მაკლარენ-მერსედესი - 46; 5. ალფა რომეო-ფერარი - 25; 6. ალპინ-რენო - 22; 7. ალფატაური-რედ ბული - 16; 8. ჰაას-ფერარი - 15; 9. ასტონ მარტინ-მერსედესი - 5; 10. უილიამს-მერსედესი - 1

0.186911