ფეხბურთი

11:04 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

AS და Mundo Deportivo მამარდაშვილზე: "მხსნელი იყო, "ვალენსიას" სიცოცხლეს უნარჩუნებდა"

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში ესპანეთის თასის ფინალში, სევილიის „ბეტისის“ წინააღმდეგ ესპანურმა მედიამ დადებითად შეაფასა.

გიორგიმ პენალტების სერიაში ხუთივე დარტყმა გაუშვა, მაგრამ სამაგიეროდ, მატჩის მეორე ტაიმში ხუანმის, ნაბილ ფეკირისა და ბორხა იგლესიასის ურთულესი დარტყმები მოიგერია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავის გუნდს დამატებით დროში თამაშის შანსი მისცა. ამიტომაც არის, რომ ისეთმა ავტორიტეტულმა გამოცემებმა, როგორებიც As-ი და Mundo Deportivo-ა, მისი თამაში მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში განიხილეს:

„განუზომელი. მისი სეივებით „ვალენსია“ ყოველთვის ინარჩუნებდა სიცოცხლეს. ჯერ დიახაბის საჩუქრის შემდეგ ჩაერია ისე, რომ ბურთთან იგლესიასი ვერ მისულიყო, მოგვიანებით, ფეკირის დარტყმას ფეხით გაუმკლავდა, როცა ფრანგი სრულიად მარტო იყო და ბოლოს, 90-ე წუთზე ხუანმის დარტყმა ახლო ძელთან მოიგერია. მას ერთი სანტიმეტრი აშორებდა ხოაკინის პენალტის მოსაგერიებლად“, - წერს As-ი.

„ქართველმა მეკარემ „ბეტისის“ დასაწყისში გატანილ გოლზე ვერაფერი შეძლო, მეორე ტაიმში კი ხუანმის, ფეკირისა და ბორხა იგლესიასის დარტყმებისას მხსნელად იქცა“, - ასე შეაფასა გიორგის თამაში Mundo Deportivo-მ.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, რვაჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. „ვალენსია“ 30 აპრილს, „ლევანტეს“ დაუპირისპირდება.

0.108998